ამ დღეებში ბახმაროში დაკავებული ოზურგეთელი გ.გ. გარშემო ატეხილი ვნებათაღელვა ახალგაზრდებში არ წყდება. ისინი ხმამაღალ პროტესტს გამოთქვამენ მათი თქმით უკანონო დაჭერების და ჩადებების მიმართ და ამ პროცესების უკან ოცნების წარმომადგენლების , კერძოდ კი ძმები თალაკვაძეების საარჩევნო ზრახვებს ხედავენ.
,, თავისუფლება გოგიტას“ , ,,ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანური ფასეულობები დაკარგულია, ეს არის ქვეყანა, სადაც 21 წლის ბიჭს იტაცებენ და პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოყენებას ცდილობენ“, ,,უსამართლობასთან შეგუებას არ ვაპირებთ, ხვალ შეიძლება შენ იყო გოგიტა”
– ასეთი მესიჯებით მოუწოდებენ ისინი ხელისუფლებას გონს მოეგოს და 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც არათუ ნარკოტიკს, სასმელსაც კი არასდროს გაკარებია, დროზე გაათავისუფლოს .
,,გურიის მოამბე ‘’ ამ წუთებშიც ცდილობს დაუკავშირდეს გ.გ.ს მეგობრებს, რომელთა კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბახმაროში განხორციელებულ სკანდალურ დაკავებას, რომელიც 28 აგვისტოს მოხდა. ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 21 წლის გ.გ. კურორტ ბახმაროში ახლობლებთან ერთად ისვენებდა. მიმდინარე წლის კოვიდ პამდემიამ პრობლემები კურორტზეც შექმნა და დამსვენებელთა დიდი რაოდენობა კურორტის ამბულატორიაში პისიარ ტესტს თითქმის ყოველ მესამე დღეს იკეთებდა. გ.გ-ც, როგორც სხვა დამსვემნებლები, კურორტის ამბულატორიაში „ერთ მშვენიერ დღეს“ პისიარ ტესტის გასაკეთებლად მივიდა. რიგში მდგომ ახალგაზრდასთან, იქვე, ახალ მისული შავი „პრადოდან“ და პოლიციის თეთრი ფერის „პიკაპიდან“ გადმოსული პოლიციელები მივიდნენ და ეს უკანასკნელი ძალის გამოყენებით, შავ „პრადოში“ ისე ჩასვეს, რომ მიზეზი არც აუხსნიათ. მოგვიანებით, ახალგაზრდა ახლობლებმა ჩოხატაურის პოლიციაში აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთი ახლობლის მტკიცებით, პოლიციის ოფისში გადაყვანამდე ახალგაზრდა სამართალდამცავებს ბახმაროს ტყეში ჰყავდათ გატაცებული. ოჯახს შეატყობინეს,რომ დაკავების მიზეზი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაა და მათ შვილს ჯარიმის სანაცვლოდ მალე გაანთავისუფლებდნენ. თუმცა, განთავისუფლების ნაცვლად, მეორე დღეს, დაკავებული ჩოხატაურიდან ოზურგეთში, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დროს პოლიციელებმა არაოფიციალურად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებულ ახალგაზრდას ჩხრეკისას ერთი აბი სუბოტექსი აღმოაჩნდა. ერთი დღის შემდეგ კი, ოჯახისათვის დაკავებულისათვის წაყენებული ოფიციალური ბრალიდან ნათელი ხდება, რომ გამოძიება უკვე ბრალდებულს 17 აბი სუბოტექსის შენახვა-რეალიზაციას ედავება და მისი დამტკიცების შემთხვევაში გ.გ-ს 17 დან 25 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
„ისეთ ბიჭს აბრალებენ სუბოტექსის მოხმარებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას, ვისაც ცხოვრებაში სიგარეტიც კი არ მოუწევია, ერთ პატარა მაგალითს გეტყვით – ეს ბიჭი მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი ნარკოტიკების მიმართ და ამის გამო ხშირად ჰქონდა კამათი ნაცნობ მომხმარებლებთან“ – გვიყვება დაკავებულის ერთ-ერთი მეზობელი.
მისი ახლობელი კი ყვება: „იზოლატორიდან რეკავს და ჩვენ გვეკითხება- იქნებ გამიგოთ რას მაბრალებენ, რისთვის ვარ დაკავებულიო? წარმოუდგენლად მიაჩნია თუ ბრალს ნარკოტიკებზე წაუყენებენ. არის აქ ერთი საყურადღებო დეტალიც, მთავარი მოწმე პოლიციელი, რომელიც ამტკიცებს რომ სუბოტექსი დაკავებულიდან ამოიღეს, ასეთ ათამდე იდენტურ საქმეში, როგორც მოწმე, ისე ფიგურურებს“.
სწორედ ეს და ბევრი სხვა ფაქტორი არწმუნებს დაკავებულის ახლობლებსა და მეგობრებს, რომ მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამაში არამარტო ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები, არამედ ნაცბონებიც კი დარწმუნებულნი არიან. რატომ? „გურიის მოამბესათვის“ ერთ-ერთი ოჯახის ახლო ნათესავისგან ცნობილი გახდა, რომ მომხდარი ფაქტის, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები, კერძოდ ძმები არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეები პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოყენებას ცდილობენ: „დაკავებულის მამასთან განხორციელდა სატელეფონო ზარი, რეკავდნენ ადგილობრივი „ქართული ოცნებიდან“, ვერ გეტყვით ზუსტად თალაკვაძე რეკავდა თუ მისი ინიციატივით მისივე უფლებამოსილი პირი, საუბრის შინაარსი იყო ასეთი – პოლიციის პოლიტიკა არის ჩადება, ამას ვერაფერს უზამენ, მაგრამ თუ ოჯახი და დაკავებულის სამეგობრო „ოცნებასა“ და ავთანდილ თალაკვაძეზე იმუშავებენ, სასჯელს ორწლიან პირობითამდე ჩამოიყვანენ“ – გვიყვება დაკავებულის ახლობელი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო საკუთარი სახელი და გვარის დასახელებისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
მისივე მტკიცებით, მომხდართან შეგუებას არავინ აპირებს და ეს პოლიტიკური მარაზმი, წინასაარჩევნოდ „ოცნების“ ადგილობრივ ლიდერებს ცუდად შემოუბრუნდებათ: „გამორიცხულია, ვინმე ამ ფაქტს შეეგუოს, ან პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩაგვითრიონ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ბიჭი უდანაშაულოა და ეს საქმე მათ ქულების დასაწერად არ გამოადგებათ. არ გავჩერდებით და შედეგს მალე დაინახავენ“-გვიყვება წყარო. სამწუხაროდ,ეს ფაქტი არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი, ბოლო დღეების განმავლობაში რედაქციას ბევრი ადამიანი დაუკავშირდა მსგავსი ტრაგიკული ისტორიით, მაგალითისათვის სოფელ ბაღდადის ამბავიც კმარა, რომელშიც „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელი გელა ჭანუყვაძე ფიგურირებს – თუმცა ამ ისტორიაზე მოგვიანებით.