მასწავლებლების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა და პედაგოგებს, ხვალიდან უკვე შეუძლიათ გაასაჩივრონ. სააპელაციო განაცხადები მიიღება პირველი სექტემბრის 10:00 საათიდან 3 სექტემბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო თანხა:
1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.