ამერიკულ გამოცემაში – Washington Examiner გამოქვეყნდა წერილი, სათაურით – “პომპეომ თბილისში მკაცრი გზავნილი უნდა ჩაიტანოს”, რომელშიც ავტორი, ტომ როგანი, წერს, რომ მოქმედების აუცილებლობა საქართველოს ზრდადი ავტორიტარული მმართველობიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს, მაშინ, როდესაც აშშ მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო დიპლომატიურ და ეკონომიკურ ჩართულობას ესწრაფვის, ის თვალს არ დახუჭავს მზარდ ავტორიტარიზმზე.
როგანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ციტირებს, რომ პომპეო “გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დაჟინებით მოუწოდებს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ”. ის იმედოვნებს, რომ დახურულ კარს მიღმა პომპეო უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.
ტომ როგანი აღნიშნავს, რომ მთავარი შეშფოთების საგანი მილიარდერი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მხარს უჭერს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას და რეალური ძალაუფლება გახარიას სახელისუფლებო სკამის მიღმა სწორედ მას აქვს.
“სამწუხაროდ, ივანიშვილს მცირე ინტერესი აქვს, რომ თავისი სიმდიდრე და გავლენა ამ პატარა ერის გლობალური პერსპექტივების წინსვლისთვის გამოიყენოს.
ამის ნაცვლად, მან განვითარებადი კანონის უზენაესობა საქართველოში გააუარესა და ქვეყნის ჩრდილოელ აგრესორს, რუსეთს, თავს აწონებდა. ივანიშვილმა ეს აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების ძირის გამოთხრით გააკეთა. მის მიერ პორტის ახალი ობიექტის შეფერხებით და, მაგალითად, ინტერნეტის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, ჩანს რომ მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ მისი კრონი ინტერესები წინ წასწიოს პუტინის სტრატეგიულ დღის წესრიგთან ერთად.” – ვკითხულობთ წერილში.
ტომ როგანი წერს, რომ ეს პრობლემაა, რადგან რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, მით მეტად დეგრადირდება ქვეყნის ეროვნული პერსპექტივები.
“ეს ასე არ უნდა იყოს. 2019 წელს აშშ-ს ექსპორტი საქართველოში 768 მილიონი აშშ დოლარი იყო, საერთო ჯამში აშშ-ს ვაჭრობის სიჭარბით 616 მილიონი აშშ დოლარით. გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს ორივე ქვეყანას შორის გაფართოებული ვაჭრობისთვის. ამავდროულად, აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო კავშირები ახლა კარგად განვითარებულია, ორივე მხარე განსაკუთრებით მჭიდროდაა ჩართული კონტრტერორისტულ თანამშრომლობაში. ესაა საძირკველი, რაზეც შეიძლება აშენება”. – აღნიშნავს როგანი.
წერილის ავტორი მკაფიოდ განმარტავს, რომ მანამ, სანამ აშშ ივანიშვილს ზეწოლით არ უპასუხებს, რათა უფრო სერიოზულად მოეკიდოს თავის ვალდებულებებს ხალხის წინაშე, უკეთესი ურთიერთობის საფუძველი იმსხვრევა.
“ამრიგად, პომპეო ნათელი უნდა იყოს, რომ აშშ იყო და კვლავ სურს რომ იყოს საქართველოს აქტიური მეგობარი. თუმცა, მან ასევე ნათელი უნდა გახადოს, რომ ვაშინგტონი სულ უფრო და უფრო შეშფოთებულია. თუ ამერიკა მოწმეა თბილისის მხრიდან ხალხისადმი პატივისცემის განგრძობადი შემცირებით, ის უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებელ პირებს მათი ქმედებებისთვის სადამსჯელო ფინანსური და დიპლომატიური შედეგები დაუდგებათ”. – წერს ტომ როგანი.
საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე მაღალი რანგის ოფიციალური პირების ცნობით, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს”.