საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა იმართება.
მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
რეზიდენციაში იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და იმ რვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, 12 ნოემბერს გაიმართა. მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები მოლაპარაკების დეტალებზე შედეგის მიღწევამდე არ საუბრობენ.
31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.