“არანაირ ძალადობას და მუქარას ადგილი არ ქონია, იმყოფებოდა ჩემთან და ვუთხარი, რომ დადის და იძახის რაც მთისპირში გაკეთდა ყველაფერი არჩილ თალაკვაძემ გააკეთა და არჩილ თალაკვაძის გამოგზავნილი ფულებით კეთდებაო და დაატარებს ხალხთან შეხვედრაზე მერის წარმომადგენლობის თანამშრომლებს, ეს არ შეიძლება, რა გააკეთა არჩილ თალაკვაძემ მთისპირში? ან რა ფული გამოყო მან? რა სახსრები რა ფინანსები? საერთოდ თუ არის თალაკვაძე მთისპირში ნამყოფი? იცის სად არის მთისპირი? ან როგორ შეიძლება ილაპარაკო ასეთი ტყუილი თითქოს თალაკვაძეს რაიმე სახის შეხება ქონდა იმასთან რაც ოზურგეთში კეთდებოდა? ერთხელ არ დამდგომია მხარში როცა სხვადასხვა სტრუქტურებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი რაც შეიძლება მეტი პროექტი წამოსულიყო ოზურგეთში. იცოდა საერთოდ რა კეთდებოდა? ვურჩიე რომ სიცრუის თქმას თავი დაენებებინა და მოსახლეობისათვის მიეცა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, შეეწყვიტა ზეწოლები. ხვალ მივალ პოლიციაში და როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად” – გვითხრა კონსტანტინე შარაშენიძემ ტვ “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
მომხდარზე კომენტარს აკეთებენ კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბშიც. (კოტე შარაშენიძე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია და არჩილ თალაკვაძის ძმას უპირისპირდება – ეს უკანასკნელი თავის მხრივ კენჭს “ქართული ოცნებიდან” იყრის):
“პირველ რიგში კატეგორიულად ვაცხადებთ რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია, “ქართული ოცნება” ტყუის. და საერთოდ რა იცის თალაკვაძემ რა გაკეთდა ოზურგეთში ბოლო სამი წელი, შარშან ჩიგოგიძის საარჩევნო კამპანიისას ტურისტივით ჩამოვიდა და პირდაღებული დადიოდა ეს რამდენი რამე გაგიკეთებიათო და ბატონ კოტეს ქებათა ქებას ასხამდა, ყველა შეხვედრას მერის ქებით იწყებდა, მას თუ დაავიწყდა ხალხს კითხოს – გაახსენებენ” გვითხრა კოტე შარაშენიძის შტაბის წარმომადგენელმა.
სხვათაშორის შარაშენიშეს შტაბი მისივე საცხოვრებელ სახლში ფუნქციონირებს, ეს კი ბოლო 9 წელიწადში მესამე შემთხვევაა, როცა საარჩევნო ბატალიებისათვის მას მისი საცხოვრებელის გამოყენება უწევს.
პირველად ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა მის სახლში “ქართული ოცნების” შტაბი იყო და 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, როცა ის კენჭს ოზურგეთის მერის პოსტზე დამოუკიდებელის სტატუსით იყრიდა.
“გურიის მოამბე” შეეცადა გადაემოწმებინა მომხდარი ბატონ ლადო ცავლეშვილტან, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
რედაქციამ, არაოფიციალურად მოიპოვა ექსპერტიზის წინასწარი შედეგების პასუხი, სადაც წერია რომ ცავლეშვილს არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობა.
შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ ამ სიცრუის უკან არჩილ თალაკვაძე დგას, რომელიც მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ: “ისე დაატარებს მის ძმას სოფელ-სოფელ როგორც ოტია ქამუშაძე დაატარებდა თავის ქალიშვილებს”
გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც სახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა” დღეს გაავრცელა.
ოზურგეთის მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე სავარაუდოდ ძალადობის და მუქარის ფაქტს ეხება, რომელიც მერის მხრიდან “ქართული ოცნების” წევრის და საკრებულოს მოქმედი დეპუტატის მიმართ განხორციელდა.
კონსტანტინე შარაშენიძე დასახელებულ პირთან შეხვედრას არ უარყოფს. სავარაუდოდ შეხვედრას, რომლის დროსაც მერს ძალადობაში ადანაშაულებენ, სხვა პირებიც ესწრებოდნენ. საგამოძიებო უწყებაში მისვლა მოქმედ მერს უახლოეს საათებში მოუწევს.
ამ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ტვ “იმედი” ავრცელებს.