ვოლსკი: გაყალბების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, თარხნიშვილი აჯობებდა თუ გოგორიშვილი, არავინ იცის

„გასაჩივრების ვადები 19-ში მთავრდება, ამასთან დაკავშირებით არის სასამართლო, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სერიოზული პოლიტიკური ფორმატია შექმილი მოლაპარაკებების. როგორ გგონიათ, რომ დღეს თუ შეაჯამებს და ვადებს დაიცავს ცესკო, ამით დამთავრდება ყველაფერი, წერტილი დაესმება და კრება დარჩება მხიარული? არის სასამართლო, სასამართლოს გადაწყვეტილებები…“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„თან ვინ აპროტესტებს, შეხედეთ რა, გაყალბების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, თარხნიშვილი აჯობებდა თუ გოგორიშვილი, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, პირველ-მეორე ადგილზე ესენი გავიდნენ. ესენი გაყალბებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად შეიძლება ისაუბრონ, იმიტომ რომ ამათ უკეთ იციან მექანიზმები, როგორ ყალბდება, მაგრამ როცა დაუდეს წინ ციფრები, მათ შორის, საერთაშორისო უფლებამოსილმა სტრუქტურებმა, მიხვდნენ, რომ არაფერი ხელში არ უჭირავთ. ამიტომ, უნდა ატეხონ აყალმაყალი“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

კითხვაზე – ცესკო-ში განვითარებული მოვლენები იქონიებს თუ არა ნეგატიურ გავლენას მოლაპარაკებებზე, ვოლსკი ამბობს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

„ვითარება როდესაც იძაბება და გადაძაბვა მიდის ისეთი სახით, როგორიც დღეს გოგორიშვილ-თარხნიშვილებმა ჩაატარეს, ეს რასაკვირველია, ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, რომ მოლაპარაკების დროს გარკვეული მხარის პოზიციები იყოს მეტად გათვალისწინებული და ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინონ ჩართულ ადამიანებზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share