კახა კალაძე: ქართული ოცნება არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს

პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი არ განიხილავს ხელახალი არჩევნების ჩატარებას ან მსგავს საკითხებს.

მან ეს განცხადება საპროტესტო აქციის პარალელურად და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების ჩართულობით მიმდინარე დიალოგის ფონზე გააკეთა.

კალაძემ ასევე მიმართა ხელისუფლების ამომრჩეველს იმის სათქმელად, რომ დიალოგი ისე არ წარიმართება, რომ მათი ხმები ვინმემ “მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს”:

“ქართული ოცნება არ განიხილავს ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეულის არჩევანს. აქვე მინდა მივმართო ჩვენ ამომრჩევლებს: არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები და თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ამ მოთხოვნებით გაიმართა საპროტესტო აქციები. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

დღეს, 14 ნოემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას მათთან კონკრეტული შეთავაზებები ექნებოდა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მომდევნო რაუნდის გამართვა კვლავ იგეგმება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share