“ქართული ოცნების” ერთ ერთმა სახემ, მმართველი პარტიის მე 11 ნომერმა ოზურგეთის საკრებულოს პროპორციულ სიაში, ლევან ნინიძემ საკუთარი კანდიდატურა გაიყვანა სახელისუფლებო ძალის პარტიული სიიდან და ამის თაობაზე შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადებითაც მიმართა.
ამის შესახებ ლევან ნინიძემ “გურიის მოამბეს” სატელეფონო საუბარში განუცხადა:
“გადავწყვიტე დავტოვო “ქართული ოცნების” პარტიული სია, მე პარტიული არასოდეს არ ვყოფილვარ, ამიტომ პარტიას ვერ დავტოვებდი, მიზეზი? ორთავე მხარეს, როგორც არჩილ თალაკვაძეს, ასევე კოტე შარაშენიძეს დიდ პატივს ვცემ, ავთანდილ თალაკვაძეს საერთოდ არ ვიცნობ და არც შეხება მქონია მასთან, ამიტომ ვამჯობინე ამ არჩევნებზე გავრიდებოდი მოვლენებს, ახლა თბილისიდან მოვდივარ და ვრცლად ვერ მოგიყვებით და რომ შეგხვდებით მიზეზებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ” – გვითხრა ნინიძემ.
ოზურგეთის კოლორიტი, ანსამბლ “შვიდკაცას” წევრი და ოზურგეთის საკრებულოს სამი მოწვევის დეპუტატი აცხადებს, რომ შესაძლოა აქტიურ პოლიტიკას აღარასოდეს დაუბრუნდეს.