ამ ურთულეს, საერთო-სახალხო რეფერენდუმის ხარისხში აყვანილ არჩევნებში, გია ცეცხლაძე პირველად მონაწილეობს მისთვის უჩვეულო სტატუსით – როგორც ოზურგეთის მერობის კანდიდატი პარტია “საქართველოსთვის” სახელით.
მანამდე, არჩევნებში იმ დოზით და ისე მონაწილეობდა, როგორც ბევრი მისნაირი ახალგაზრდა : მშობლიურ ქალაქში ჩამოდიოდა და ხმას აძლევდა მის მიერ მხარდაჭერილ პარტიას თუ კანდიდატს.
გია ოზურგეთში დაბადებული და გაზრდილია. აქ დიდი სამეგობრო და სანათესაო ჰყავს. ეს მისი წინაპრების, ბებია-ბაბუების დამსახურებაცაა. ბაბუა, ანზორ კილაძე არა მარტო ოზურგეთის, მთელი გურიის პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი პიროვნება იყო, როგორც იმ დროის ერთ-ერთი წარმატებული ხელმძღვანელი, ბიზნესმენი, ქველმოქმედებით და ხელგაშლილობით გამორჩეული ოზურგეთელი.
ასევე, ცნობილი გვარია ცეცხლაძეები სოფელ ლიახაურში, სადაც მისი მამისეული ოჯახი, ეკლესიასთან, დღესაც არსებობს.
გიამ, ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრდა, უნივერსიტეტის შემდეგ კი, ოზურგეთში დაბრუნდა და გურიის ახალგაზრდა გუბერნატორთან, ჟანი კალანდაძესთან მუშაობდა მის ტრაგიკულად დაღუპვამდე.
გია ცეცხლაძე კარგი ოზურგეთელია, ამ ტიტულს კი აქ იოლად არ იძლევიან.
,, მე ამ ქალაქში გავიზარდე, დედითაც და მამითაც ოზურგეთელი ვარ. გურიაში ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ. ბაბუაჩემის, ანზორ კილაძის ოჯახი ამ მხრივ ჩემთვის ნამდვილი სკოლა იყო, სადაც მეზობლობა, მეგობრობა, სიკეთის კეთება, სტუმარ-მასპინძლობა, გაჭირვებულისთვის ხელის გაწოდება ჩვეულებრივი ყოველდღურობა იყო. დღემდე ქვაზე დადებული მადლივით წინ მხვდება ბაბუაჩემის სიკეთეები, მისი უანგარო დახმარებით ხელგამართული ოჯახების სასწავლად გაგზავნილი, ,,გზაზედაყენებული“ ხალხის მადლიერება და ამდენი წლის შემდეგაც ემოციებით მოყოლილი ადამიანური ისტორიები. ეს ცხოვრებისეული გაკვეთილებია, რომლებზეც უნდა შეძლო კაცობის და ადამიანობის სწავლა…მოყვასის დახმარება,კაცისთვის გასაჭირში ხელის შეშველება, უხმაუროდ კარგი საქმის კეთება მეც ძალიან მიყვარს, ბავშვურად მახარებს, ცხოვრების მთავარ აზრს უკეთ დამანახებს“.
ქართულ პოლიტიკაში ღრმად ჩახედული არ არის და არც ამის ამბიცია აქვს . 2011-12 წლებში, როცა მისთვის და მისი თანატოლებისთვის რაღაცეები ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა მიტინგებზე დადიოდა და უსამართლობას აპროტესტებდა. დღეს, მისთვის ბევრი რამ გადაფასდა, მაგრამ ღრმად სწამს, რომ ახლა, ისევე როგორც 2012 წელს, ცვლილებები გარდაუვალი და აუცილებელია. საზოგადოების დაკვეთას კი, წინ ვერანაირი ძალა ვერ დაუდგება:
,,პოლიტიკა არასდროს მიზიდავდა. რომ ვაანალიზებ, აქამდე ჩემი ჩართულობა პოლიტიკაში მმართველი პოლიტიური ძალის მხადამჭერობით შემოიფარგლებოდა. თუმცა, იმ დრომ ბევრი მეგობარი შემძინა. დღეს, მე სრულიად გააზრებული მაქვს ჩემი ვალდებულება საზოგადოების და იმ ახალი პოლიტიკური ძალის წინაშე, რომელსაც წარმოვადგენ.საკუთარი თავი მერად შესთავაზო ქალაქს,რომელშიც გაიზარდე, უკიდურესად საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა, დიდი გამოწვევაცაა და აზარტიც. მე არ მეშინია ამ გამოწვევის, და ეს უპირველელსად იმ პოლიტიკური გუნდის და მისი ლიდერის დამსახურებააა, რომელიც ზურგს მიმაგრებს.
დიახ, ჩვენ ვართ ძლიერები – ჩვენ გვაქვს ხედვა, გვაქვს იდეა, ჩვენ არ ვნადირობთ, არ მოვისყიდით, არ ვტაციაობთ ამომრჩეველზე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ჩვენსავით, ხედვით, იდეით, ცვლილებების აუცილებლობით მოტივირებულ ამომრჩეველზე. საბედნიეროდ, ასეთი ამომრჩეველი დღეს ბევრია, მათ კი ფულით, შიშით, შანტაჟით , მუქარით ვერ მოიზიდავ“.
გამარჯვების იმედი აქვს. მიაჩნია, რომ ოზურგეთელი ამომრჩეველი მაღალი კლასის ამომრჩეველია და წნეხის მიუხედავად, არ შეშინდება. მისი თქმით, გურულები არაკონფორმისტული, არაშემგუებელი, მკვეთრი ინდივიდუალიზმით გამორჩეული ხალხია. მათთვის პროგრესისკენ სვლა ბუნებრივი მდგომარეობაა. ასეთ ხალხს კი თავს ვერ მოახვევ იმას, რაც არ მოსწონს. ამის მაგალითები ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გურიაში არაერთგზის იწვნიეს, როგორც საუკუნეების უკან, ისე სულ ახლახანს, წინა ადგილობრივ არჩევნებზეც. გია ცეცხლაძე მიიჩნევს, დღეს საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში ცვლილებები სასიცოცხლოდ აუცილებელია, მთავარია, ეს ლეგიტიმურად, არჩევნებით გაფორმდეს. ამიტომ, მოუწოდებს ყველას,დიდი სიფრთხილით, რეგულაციების სრული დაცვით, მაგრამ აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე . მივიდნენ შვილების მომავლისთვის, უკეთესი საქართველოსთვის:
,,ცუდ ხელისუფლებას ირჩევენ ის კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან. მით უმეტეს, არ შეიძლება ამ არჩევნებზე არ მიუსვლელობა, რომელიც თავისი არსით ჩვეულებრივ არჩევნებზე მეტია. ადამიანებთან უშუალო შეხვედრებით მყარად ჩამომიყალიბდა განცდა,რომ ხალხს ბევრი იმედგაცრუების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი აქვს. სოფელში, ორღობეში, გლეხკაცთან მოსწრებული შეხუმრებითაც კი მიხვდებით, რომ აქ ჰაერიც კი გაჟღენთილია სიახლის მოლოდინით. ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მმართველ ძალას და ეს აუცილებლად აისახება საარჩევნო ურნებში. ხოლო ,როცა ურნები სავსეა ოპოზიციური ბიულეტენით, იქ ყველა საარჩევნო მაქინაცია უძლურია. როგორც აბრაამ ლინკოლნი ამბობდა: საარჩევნო ბიულეტენი ტყვიაზე ძლიერია!”
წინასაარჩევნოდ, ოზურგეთში, ტრადიციულად კონკურენტული გარემოა. მეტიც, პატარა ქალაქისთვის ზედმეტად კონკურენტულიც კი. შესაბამისად, პოლიტიკური ტემპერატურაც უკვე უჩვეულოდ მაღალია. როცა ამას ღრმად სენსიტიური საკითხი- მეგობრებს შორის კონკურენციაც ემატება,პარტიული დაპირისპირება თანდათან ღირსებისა და ნერვების ომშიც გადადის. ცხადია, ამ ომში გაიმარჯვებს ის, ვინც სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით, მაღალი სტანდარტების დაცვით გაივლის საარჩევნო მარათონს, რადგან დღეს ხალხის დაკვეთაც ასეთია-დავიღალეთ ამ სიძულვილის ენით და ამდენი ზიზღითო-გვეუბნებიან.
გია ამ გზისთვის გადახვევას არ აპირებს: ,,ხშირად მეკითხებიან, წინასწარ რომ გცოდნოდა ყოფილი მეგობრები თუ თანაგუნდელები ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლას დაგიწყებდნენ, მაინც მიიღებდი თუ არა ამ გადაწყვეტილებასო? მე ვუპასუხებ, დიახ! აუცილებლად იგივეს გავიმეორებდი, რაც აქამდე გავაკეთე: ჯერ იმ მეგობრებს ვეტყოდი ჩემი გეგმების შესახებ, ვინც სავარაუდო კანდიდატებად შეიძლებოდა განხილულიყო, ვკითხავდი,ამ არჩევნებში ხომ არ მოგვიწევდა ერთმანეთის გზების გადაკვეთა და თუკი მივიღებდი მყარ პასუხს, როგორიც მათგან უკვე მივიღე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღები-მიდი ძმაო, ჩვენ არ ვაპირებ ოზურგეთში ბრძოლასო- აუცილებლად დავთანხმდებოდი ჩემი გუნდის შეთავაზებას. მე ადამიანურად, კაცურად, მეგობრულად არაფერი შემშლია იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც წლებია მოვდივარ .
იმასაც შევახსენებ ამ ადამიანებს, რომ ჩვენს ქმედებებს ჩვენი ქალაქი ყურადღებით აკვირდება და აქ არჩევნებს შემდეგაც მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება. ოზურგეთში ბევრ რამეზე დახუჭავენ თვალს და გაგიტარებენ, მაგრამ არა ადამიანური ურთიერთობების უგულვებელყოფას, არაკაცურ ნაბიჯებს, უკადრებელის კადრებას.
საჯაროდ მივმართავ ჩემს ოპონენტებს, ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ძმაკაცობის, მეგობრობის, სიყვარულის, მასპინძლობის და უერთიერთპატივისცემის. მიუხედავად ჩემი მომხრეების მიმართ დევნა- დაშინებისა, მოსყიდვის მცდელობებისა, არ არის გვიან პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ღირსეული საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ. არ გადავკვეთოთ წითელი ხაზები, ნუ დავყოფთ პატარა ოზურგეთს პოლიტიკური ნიშნით ჩვენიანებად და სხვისიანებად. მივცეთ ადამიანებს საშუალება მშვიდ გარემოში გააკეთონ თავისუფალი არჩევანი“.
2 ოქტომბრის არჩევნებს ცივილიზებული სამყარო აკვირდება. ეს არ იქნება ჩვეულებრივი, მოქალაქეთა ნების გამომხატველი აქტი – ეს იქნება საქართველოს ტესტი, რომელიც უპირობოდ უნდა ჩავაბაროთ და გზა მივცეთ ჯანსაღ პოლიტიურ ძალებს დასავლური ფასეულობებით მართონ ქვეყანა:
,,მე სუფთა წარსულით , სუფთა ხელებით მოვდივარ და მინდა დავუმტკიცო ყველას და პირველ რიგში, საკუთარ თავს, რომ ოზურგეთის ინტერესების პირველი დამცველი ოზურგეთის მერი იქნება. ჩემს ოზურგეთელებთან ერთად მოვახერხებთ ჩვენი რაიონის პოტენციალი და რესურსები სწორად შევაფასოთ, გავაანალიზოთ და გამოვიყენოთ. ვიშრომებთ იმისთვის, რომ შევქმნათ გარემო, სადაც ღირსეულად შეიძლება ცხოვრება, საიდანაც არავის მოუნდება უკანმოუხედავად გაქცევა, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს. ზედმეტ დაპირებებს არავის ვაკადრებ, მაგრამ საჯარო პირობას ვდებ, რომ არასდროს გადავდგამ ჩემი ქალაქის ინტერესების საზიანო ნაბიჯს, არასდროს წავალ ზნეობრივ კომპირომისებზე და რაც მთავარია, ვიდგები ყოველთვის იმ მხარეს, სადაც სიმართლე და სამართლიანობაა.
როგორც გია ამბობს, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მისი და მისივე გუნდის სამიზნე დასაქმება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი ბიუროკრატია, სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალის ათვისება, დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემის გადაწყვეტა, სათიბ-საძოვრების და ბუნებრივი რესურსების მართვის ეტაპობრივი გადაცემა მუნიციპალიტეტისათვის, რეალური დეცენტრალიზაცია-მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ, ბიუჯეტის ხარჯვაში აქტიური მონაწილეობა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლება, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში დასაქმებასა და საკუთარ მომავლზე ზრუნვის შესაძლებლობით. პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კადრების მუდმივი განვითარების ხელშეწყობა:
„ძალიან საინტერესო პროგრამას ვთავაზობთ ჩვენს ოზურგეთელებს, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში შედგება.
პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილ მთავარ და პრიორიტეტულ პრობლემებზე, მათ შორის: ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობა, უპატრონო ძაღლების სიმრავლე, რიგ ქუჩებზე კანალიზაციის ქსელის გაუმართაობა, როგორც შიდა საქალაქო, ასევე სოფლებსა და დაბებში ტრანსპორტირების პრობლემა. გასართობი, სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების დაბალი ხელმისაწვდომობა და რაც ყველაზე მთვარია ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელშეწყობა, რომ მათ ოჯახების სარჩენად, იძულებით არ უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა“.
მერობის კანდიდატის თქმით, მისი ყველაზე დიდი სურვილი სწორედ ახალგაზრდა თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნა და მათთვის იმ პირობების შეთავაზებაა, რაც მათ მოტივაციას და სურვილს აამაღლებს-ადგილზე გამოიყენონ დაგროვილი კვალიფიკაცია და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიიღების პროცესში:
‘მე ორი შვილი მყავს და მთავარი ამოცანა ჩემთვის სწორედ ის იქნება, რომ ჩემი შვილების თაობამ ისეთ საქართველოში იცხოვროს, საიდანაც გაქცევა არავის მოუნდება, არავინ იტყვის, რომ ადგილზე არანაირი პერსპექტივა არ არსებობს და არც პროფესიონალიზმი ფასდება“-გვითხრა გია ცეცხლაძემ, რომელიც, ჩვენთან საუბრის ბოლოს თავის ოზურგეთელებს ასე მიმართავს:
“როდესაც ბიულეტენს საარჩევნო ყუთში მოათავსებთ, თუ იქ შემოხაზული იქნება გია ცეცხლაძე, იცოდეთ, თქვენ უკვე შეუთანხმდით მას იმ პუნქტებზე, რომელიც ახლა შემოგთავაზეთ. მე ჩემი ოზურგეთის იმედი მაქვს! მინდა, რომ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქალაქზე!