ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ქვეყანაში შექმინილი მძიმე კოვიდვითარების ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლების “ცინიზმით სავსე” განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ საზოგადოებას სასაცილო არაფერი აქვს.
მისი თქმით, ე.წ. პოლიტიკოსები არ ხუმრობენ, ისინი უბრალოდ შეურაცხყოფენ საკუთარ მოსახლეობას, ბოროტად დასცინიან და ესაუბრებიან როგორც ჭკუასუსტებს. გურული წერს, რომ 2012 წელს სწორედ ასეთი დაცინვით დაიწყო მოქმედება “ქართულმა ოცნებამ”.
“განსაკუთრებით ამაზრზენია, როდესაც საზოგადოების ასეთ დაცინვას მეტნაკლებად ინტელექტუალური ადამიანები ეწევიან. გახსოვთ ალბათ ზღაპრები მსოფლიოში სამაგალითო კოვიდ-მენეჯმენტსა და ამერიკა-ევროპიდან გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ამტყდარ ზარებზე. ბუნებრივია რომ აქედან ერთი ნაბიჯი იქნებოდა უფრო პრიმიტიულ „ხუმრობებზე“. მივიღეთ კიდეც; ქუთაისის „ტორპედოს“ ჩემპიონთა თასიდან დაწყებული, ონისა და კაიროს პირდაპირი ვაჭრობის ისტორიებით თუ ზესტაფონის ყავის პლანტაციებით.
ეს არ არის სასაცილო ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ დაგცინიან! უმოწყალოდ დაგცინიან. დარწმუნებული ვარ რომ ხვდებით, მაგრამ გეშინიათ თქვენი ჭეშმარიტი რეაქციის გამოხატვის. ისე, სიკვდილზე საშიში რამეც არსებობს და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას.
შევეჩვიეთ ამ დაცინვას და ვიცინით. დღეში საშუალოდ 70 ქართველის კოვიდით სიკვდილსაც შევეჩვიეთ ნელნელა; ერთს ამოვიოხრებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას.
არჩევნები მოდის მალე. გონიერი ამომრჩეველი რამდენიმე ქალაქში მაინც მისცემდა ოპოზიციის კანდიდატებს შანსს. არ გაინტერესებთ რას იზამენ? „ოცნებამ“ და მისმა კანდიდატებმა ხომ ნახეთ რაც გიქნათ, არ გინდათ რამე ახალი სცადოთ? ოღონდ ამ მცდელობის თეორიულ შანსსაც არ მისცემს „ოცნება“ საქართველოს, რადგან თუნდაც ერთმა ქალაქმა ოპოზიციონერი მერის ხელში რაიმე წარმატება რომ მოიპოვოს, ეს ხომ „ოცნების“დასასრულის დასაწყისი იქნება”, – წერს ზურაბ გურული.
მისი თქმით, დღევანდელ საქართველოში რომ ქართველებს დასცინებ, მარტო სინდისგარეცხილი ვერ იქნები, უბრალოდ “ავადმყოფი” და “სადისტი” უნდა იყო.