„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.
მისი თქმით, პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება.
„17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, მაიკ პომპეო. ჩვენ ყველა მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს და ასევე ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს მდუმარე პროტესტს.
დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება „გაყალბებულია“ და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება ამ სტიკერებით, დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ! ორი მეტრი იქნება თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია. შეიძლება გვერდზე ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გვიყვარს ან ისეთი პარტია, რომელიც არ გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს ამას“ – განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, შემდეგი აქცია გაიმართება არჩევნების მეორე ტურის დღეს 21 ნოემბერს. უგულავას განმარტებით, ამ დღესაც პროტესტის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.
„უნდა გამოვიდეთ, მეგობრებო და პროსპექტებზე გავაკეთოთ ჯაჭვი, იმისთვის, რომ ჩვენ სხვა თანამოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება, ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ იმ სიყალბეში მონაწილეობა მათი მოქალაქეობრივი ვალია, შევახსენოთ და ვუთხრათ, რომ არ მიიღონ სიყალბეში მონაწილეობა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
მესამე აქცია კი იმ დღეს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.
„ჩვენ ასევე, გეგმა გვაქვს, რომ, როდესაც ძალით ფურცელზე შეკოწიწებული „ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა“, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს ამ შენობაში შეკრებას ანუ ე.წ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ჩვენ ყველა ქუდი კაცზე შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და „გაუპრავონ“ ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს, ის, რაც მას არ ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ამავე დროს, ჩვენ ვესაუბრებით მათ,“ – განაცხადა უგულავამ.