„ველოდებით – ძალიან მარტივად ვიმოქმედებთ…” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

“ველოდებით”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ექს- პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა.

„ძალიან მარტივად ვიმოქმედებთ. მიხეილ სააკაშვილი, თქვენ იცით, რომ არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და მას მოუწევს, პასუხი აგოს სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომელიც აქვს ჩადენილი, ძალიან მარტივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოვა საქართველოში.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გამოაცხადებს ყველა კონკრეტული გადაადგილების, თარიღის, მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას.

„პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს – ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა – ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!”- თქვა სააკაშვილმა.

mix.metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: