ბიძინა გვითხრა, რომ არჩევნების გზით არ წავა – ამის შესახებ, “TV კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში.
“შეგვიძლია მივეცეთ თვითგვემას და განვიხილოთ, ვის როგორი ტემბრი ქონდა აქციაზე, ოპოზიციამ გადათვლაზე უარი მართლა თქვა თუ არა, რა გვეშველება, რატომ არ გამოვიდა დღეს ისევ 45 000 ადამიანი, რა უნდა იყოს დეტალური გეგმა და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. ივანიშვილმა გაამარტივა: გვითხრა, რომ არჩევნების გზით არ წავა. ან ვეგუებით ამას, ან არა. თუ ვეგუებით, ოკ, ვარჩიოთ, რა ჯობდა, ოპოზიცია რეჟიმის ივანიშვილის ფერუმარილად ქცეულიყო თუ არა, ხმები წაღმა უნდა გადაეთვალათ თუ უკუღმა, პანდემიის, სიცივის და კომენდანტის საათის პირობებში თუ ქუჩაში 200 000 კაცი არ იყო, ესეიგი ბრძოლა არ ღირს და ა.შ. მაგრამ თუ არ ვეგუებით და ზუსტად ვიცით, რომ ამ გაყალბებაზე თვალის დახუჭვა სახელმწიფოს გაუქმებას ნიშნავს, უნდა გავაგრძელოთ როგორც მივდივართ – ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში, ვაპროტესტოთ როცა შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია. გზა აუცილებლად გამოჩნდება, შედეგი აუცილებლად იქნება, სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობს. გამორთეთ წამზომები და მივყვეთ პროცესს მშვიდად”, – წერს ჯანგირაშვილი.