ჯილდო ვაქცინისთვის 100 ლარიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს, ხოლო წლის ბოლო, შემაჯამებელ გათამაშებაში, ერთ ერთი იღბლიანი ვაქცინირებული 100 ათას ლარს მოიგებს.
ლატარიის ეროვნულ კომპანიაში ამბობენ, რომ “აიცერი და მოიგეს” გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. მათივე ინფორმაციით, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარიანი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. გამარჯვებულები კი, შემთხვევითობის პრინციპით, ყოველდღე, 12 საათზე გამოვლინდებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარი პირველი აცრის გაკეთებისთანავე მონაცემთა ბაზაში გათამაშების ბილეთს ავტომატურად მიიღებს, აცრიდან მეორე დღესვე კი მიღებული ბილეთი ერთვება “აიცერი და მოიგეს” ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. უწყება მოქალაქეებს მიმართავს, რომ რაც უფრო მალე ჩაიტარებენ ვაქცინაციას, უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას და შესაბამისად, უფრო გაიზრდება მათი მოგების შანსი.
გამარჯვების შანსი ნებისმიერ ვაქცინირებულ მოქალაქეს ექნება, მათ შორის არასრულწლოვნებს, თუმცა, მოგების შემთხვევაში, თანხა მათ მშობელს ან კანონით მინიჭებულ პირს გადაეცემა. ვაქცინირებულთა წამახალისებელი ლატარიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ 800 ლარი გამოიყო. პირველი გამარჯვებული ორშაბათს, 13 სექტემბერს გამოვლინდება.