„უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის საარჩევნი კამპანიაში. ის რასაც მე ვხედავ, ეს არის უკვე განაჩენი ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მართლაც ხორცი უნდა შეესხას 2 ოქტომბერს. საარჩევნო ურნებთან, ძალიან მშვიდობიანად და მტკიცედ უნდა მივიდეთ, ძალიან ბევრი და მშვიდობიანად, საარჩევნო ურნებნთან რევოლუცია მოვუწყოთ „ქართულ ოცნებას,“ ბიულეტენით ხელში. ამ ბრძოლას ჩვენ გამარჯვებამდე მივიყვანთ. არ მივცემთ უფლებას ოლიგარქს, კიდევ უფრო მეტად გააღარიბოს, უფრო მეტად უიმედობის და უპერსპექტივობის მორევში გადაუშვას მთელი საზოგადოება, პირიქით, – ჩვენ ამ ქვეყანას წელში გავმართავთ, მორალური უპირატესობით და სიმშვიდით ქვეყანა განვითარდება.
„ქართული ოცნება“ რას საუბრობს, არის მეასეხარისხოვანი, „ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს. 40%-იან ნიშნულსაც კი ვერ უახლოვდებიან და ეს იციან. წერენ თავიანთ დახურულ კაბინეტებში კვლევებს და შემდეგ ატარებენ პრეზენტაციებს, ამაზე თავადაც კი ეღიმებათ. სასაცილოა ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაგრამ რაც უფრო მეტად და ხშირად ჩაატარებენ მსგავს პრეზენტაციებს, საზოგადოებისგან უფრო მკაფიოდ ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ვინც ამ პრეზენტაციას ატარებს, მასაც არ სჯერა ამ კვლევების“, – განაცხადა ნიკა მელიამ.