ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა

2007 წლის შემდეგ პირველად საქართველოში სიკვდილიანობის დონე შობადობაზე მაღალია. საქსტატის მონაცემებით, თუ 2019 წელს ბუნებრივი მატება 1 637 კაცი იყო, 2020 წელს 4017-ით ნაკლები დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.

საქსტატის 2020 წლის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, შობადობა 3,7%-ით შემცირდა, სიკვდილიანობა კი 8,3%-ით გაიზარდა. დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ შობადობის შემცირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და
დღემდე გრძელდება, “კოვიდმა” კი ეს პროცესი უფრო დააჩქარა.

– შობადობის კლება მოსალოდნელი იყო. ამას დემოგრაფები ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდით, რადგან ქვეყანაში გოგონების რაოდენობაა შემცირებული. 1990-იან წლებამდე წელიწადში 90 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 90-იან წლებში ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, განახევრდა.
უახლოეს წლებში შობადობის უფრო შემცირებაა მოსალოდნელი,
რადგან “კოვიდს” ჯერ კიდევ ვებრძვით და თუ ვაქცინაციაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ გვექნება, შემცირდება მოსახლეობის რაოდენობაც, რაც აუცილებლად აისახება მომავალ თაობაზე.

2019-2020 წლებში სიკვდილიანობის მატება პანდემიამ განაპირობა. თუმცა ეს პროცესი 90-იანი წლების შემდგომ დაიწყო. რამდენჯერმე შემცირდა შობადობაც. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – წლიდან წლამდე მიგრაციის დიდი მაჩვენებელი, შემცირებული ქორწინება, განქორწინების ზრდა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, მუდმივი სტრესი… ახლა კორონავირუსიც დაგვემატა.

“კვირის პალიტრა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share