არჩევნებამდე 20 დღით ადრე – ძალადობა და შანტაჟი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რიტუალად იქცა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 20 დღე დარჩა. 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის მერებს აირჩევენ და ამის პარალელურად, როგორც მაჟორიტარული,ასევე პროპორციული წესით საკრებულოები დაკომპლექტდება.

ამ არჩევნებს სხვა დატვირთვაც ახლავს, შესაძლოა უფრო მნიშცნელოვანი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობების ფორმირებაა.

2 ოქტომბერი განიხილება როგორც რეფერენდუმი, რომელზეც, დიდი ალბათობით გადაწყდება”ქართული ოცნების” ცენტრალურ ხელისუფლებაში ყოფნა-არ ყოფნა.

იმ შემთხვევაში თუ “ოცნება” პროპორციული წესით არჩევნებში ხმათა 43%-ს და მეტს თუ ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკური მნიშვნელობა და შესაბამისად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი სოციალურ ქსელებშია, “ოცნება” არ ღალატობს ტრადიციას და მისი მთავარი იარაღი “გამარჯვების” გზაზე სიცრუე, შანტაჟი და მოსახლეობის დაბნევა რჩება.

ამის გამო გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, უფრო სწორედ ოზურგეთის ცხოვრებაში, მყარად შემოაბიჯა “ბოტებისა და ტროლების” ინსტიტუტმა.

სახელისუფლებო მანქანა, განსაკუთრებით, გახარიას გუნდის ადგილობრივ ლიდერს, გია ცეცხლაძეს, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ  კოტე შარაშენიძეს, მთავარი ოპოზიციური ძალის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთ ადგილობრივ ლიდერს, ბესო ქათამაძესა და დამოუკიდებელ მედია საშუალება “გურიის მოამბეს” უპირისპირდება.

თავი რომ დავანებოთ “ჩადებებს”, მოხსნებს, დაკავებებს, შანტაჟს, დევნასა და შევიწროებას განსხვავებული აზრის გამო, რაც “ოცნებამ”, ბოლო წლებში, წინასაარჩევნო პროცესის თანმხლებ, ერთგვარ რიტუალად აქცია, სოციალურ ქსელებში სოკოებივით უცებ შექმნილი, გაურკვეველი წარმომავლობისა და ნული გამჭვირვალეობის მქონე გვერდები “მიწასთან ასწორებენ” ყველასა და ყველაფერს, ვინც, ან რაც, შესაძლოა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ფრთის ქვეშ არ იყოს.

გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მიერ დაფინანსებულმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობამდე დაქვეითებული, არჩილ თალაკვაძის კონტროლს ქვეშ მყოფმა ჯგუფებმა ცილისმწამებლური კამპანია ძირითადად ამ ოთხი მიმართულებით გააჩაღეს.

როგორც არასდროს,2 ოქტომბრის არჩევნებში ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლაზე დიდი კონკურენციაა და დიდი ალბათობით “ოცნება” როგორც მერიას, ასევე უმრავლესობას საკრებულოში დაკარგავს, აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ “ოცნება” არჩევნებს საერთო ჯამში ოპოზიციასთან აგებს, თუმცა მოგებისა და მმართველი პარტიის, ამ ეტაპზე ადგილებზე ხელისუფლებიდან ჩამოშორება ოპოზიციის სრულ კოორდინაციაზეა დამოკიდებული, რისი ნიშნებიც სამწუხაროდ ამ წუთისათვის არ ჩანს.

საზოგადოების შეკვეთა კი ნათელია, ოპოზიციის ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანება, რომ გაერთიანებულმა ძალებმა შეძლოს, ბოლო 6 წლის მანძილზე ერთხელ მაინც დაიცვან საკუთარი ხმები.

ვნახოთ, პოლიტიკურ ოპოზიცია, რამდენად იგრძნობს პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას და ერთობლივი ძალებით შეძლებენ ჯერ ხმების დაცვას, შემდეგ უმრავლესობის შექმნას და ბოლოს სადავეების ხელში აღებას, რომ ხალხმა დაიბრუნოს ხელისუფლება-ხელისუფლება რომელიც დავკარგეთ თუ წაგვართვეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცხოვრებთ, უფრო სწორად ვიარსებებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სახელისუფლებო ჩინოვნიკების შვილები საზღვარგარეთ წავლენ დასასვენებლად, ჩვენი შვილები კი მეზობელი თურქეთის ჩაისა და თხილის პლანტაციებს ვერ გაცდბიან.

ან კიდევ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები 21-ე საუკუნეში მმართველი პარტიის წარმომადგებლებს მძევლად აჰყავთ,  მაგალითისთვის, სოფელ ბახვში მცხოვრები ერთ ერთი ოჯახის ისტორიაც კმარა, სადაც ე.წ. “სვანეთის უბანში” მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ფაქტზე ამხილა. სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა არ შეუფარდა და გამოძიების დასრულებამდე “გარეთ” დატოვა, აღნიშნული ფაქტით ისარგებლა “ქართული ოცნების” ადგილობრივმა დეპუტატობის კანდიდატმა, მარიკა ჩხიკვიშვილმა, რომელიც სოფელს ამალით ესტუმრა, შეკრიბა “სვანეთის დასახლების” უმრავლესობა და “წინასაარჩევნო  კამპანიაც” ოპერატიულად ჩაატარა: “ეს ბიჭი რომ გარეთაა, ჩემი დამსახურებაა. ამიტომ, თუ არ თუ არ გინდათ ციხეში წავიდეს,  დაირაზმეთ ყველა და მომეცით ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიჭერთ”-უთქვამს დეპუტატს. სხვათა შორის, ბახველების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დეპუტატობის კანდიდატი ოჯახებს ხვდება და ხმის სანაცვლოდ მათი დაკავებული ოჯახის წევრის განთავისუფლებას პირდება.

სამწუხაროდ დღეს ასეთი ამბები აღარავის უკვირს და ლამის ცხოვრების ნაწილი ხდება. “ოცნება” კი, აგერ უკვე მეცხრე წელია, ხალხსაც, პატიმარსაც და მომავალ თაობასაც მხოლოდ იმ კუთხით იყენებს, რაც მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვისაა საჭირო.

სწორედ ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება. რა ხდებაო- იკითხავს ვიღაც, მმართველი პარტიის  ყველაზე  დიდი გულშემატკივარი და ვერც ვერაფრით ვერ მოახერხებს განსხვავებულად მოაზროვნე მის იმაში დარწმუნებას, რომ სწორედ მმართველი გუნდის ბინძური პოლიტიკის დამსახურებაა, როცა ოპოზიციიდან შეხვედრაზე მისულ კანდიდატებს 15-16 და იყო შემთხვევა,როცა 13 წლის მოზარდები საარჩევნო პროგრამის ნაცვლად, ასეთ პირობას რომ უყენებენ: “ჩვენ მარტო იმას მივცემთ ხმას, ვინც პლანს მოგვაწევინებს”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share