კეთილი ინებონ მშობლებმა და აიცრან – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კერძო და საჯარო სკოლებში ორჯერადად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა 50 პროცენტზე დაბლაა.

ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, ოქტომბერში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი პედაგოგი და ადმინისტრაციის თანამშრომელი იყოს აცრილი. მან ასევე სკოლის მოსწავლეების ოჯახის თითოეული წევრის ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად შევისწავლეთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში აცრის მაჩვენებელი, ერთჯერადი და ორჯერადი აცრის მაჩვენებელი. არსად ამ კუთხით მაჩვენებელი 100 % არ არის. ასევე, პირდაპირ გეტყვით, რომ კერძო და საჯარო სექტორს შორის აცრების მაჩვენებელში განსხვავება არის მხოლოდ 5-7 %-ის ფარგლებში. ორივეგან ორჯერადად აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი არის 50 %-ს დაბლა. საშუალოდ ზოგიერთ დაწესებულებაში ერთჯერადად აცრილთა მაღალი მაჩვენებელი არ არის. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, ეს კვირა, მომავალი კვირა გამოიყენონ, რადგან ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რათა სწავლა აღდგეს. სასურველია, სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80 % ამავე დროს, ანგარიშგასაწევი იქნება ის ფაქტორი, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი ინფექცია. როდესაც გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, კეთილი ინებონ მშობლებმა და აიცრან. ასევე, ბავშვის თითოეულმა ოჯახის წევრმა – ბებია, ბაბუა აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილი. ამ შეთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად განიხილება სწავლის აღდგენა და აუცილებლად უნდა აღდგეს სწავლა საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share