ბათუმში ოპოზიციის აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მიმართა, სადაც თბილისის მსგავსად, გაყალბებულ არჩევნებსა და მოპარულ ხმებს აპროტესტებენ.
ნიკა მელია ამბობს, რომ “ვერაფერი გარდა ერთობისა ვერ დაამარცხებს ოლიგარქს.”
“ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ. არჩევნებს, რომელიც უბრალოდ არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს. არჩევნები არ ჩატარებულა, მხოლოდ შედეგები დაიწერა.
…ისტორია არ შემოინახავს დეტალებს, ისტორია შემოინახავს შემდეგს: ან ერი, ამაყი გავიმარჯვებს ბოროტებაზე, ან ბოროტება გაიმარჯვებს ჩვენზე.
ძალიან დიდი რამე დევს სასწორზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესი დევს. თუ რამე არის დღეს საქართველოში ყალბი ეს ხელისუფლებაა – ამ ბრძოლას ჩვენ გამარჯვებამდე აუცილებლად მივიყვანთ, ამის შემდეგ ყველა პოლიტიკური დევნილიც დაბრუნდება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ყველა პოლიტიკური პატიმარი გამოვა და უკვე ცივილურ ჩარჩოებში და ფარგლებში დავიწყებთ პოლიტიკის კეთებას.რეჟიმი ყველას დასამარცხებელია, ექსკლუზივი არ აქვს ამაში არავის, სადაც საჭიროა იქნება უკომპრომისო ბრძოლა – არანაირი უკან დახევა – მიმართა ნიკა მელიამ ბათუმში შეკრებილ ადამიანებს.
ამავე აქციაზე, ლევან ვარშალომიძემ თქვა, რომ 22 ნოემბერს ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მოსახლეობას სამოქმედო გეგმას გააცნობს.
იქამდე კი, ხვალ, ლევან ვარშალომიძე აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, სიმბოლურად ფანჯრებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოფინონ, რათა დაანახონ ხელისუფლებას რამდენს არ უნდა ბიძინა ივანიშვილი.