“ქვეყანა ჭაობში იფლობა…მხოლოდ ერთი კაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ” – მელია სუს-ზე

“უწყება, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ზრუნავს მხოლოდ ერთი კაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე და იმაზე, რომ მას ძალაუფლება არ შეერყეს”, – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ინტერნეტ სივრცეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კრებსების გავრცელებას.

როგორც მელია Facebook-ზე წერს, სუს-ი ყველას უსმენს, გარდა სახელმწიფოს მტრებისა.

“ქვეყანა ჭაობში იფლობა… უწყება, რომელიც სახელმწიფოს მტრებს უნდა დასდევდეს, უთვალთვალებდეს, უსმენდეს, დასდევს ყველას სახელმწიფოს მტრების გარდა. გვისმენენ და გვითვალთვალებენ ყველას, ერსაც და ბერსაც.

და რაც მთავარია, დღეს საზოგადოებას ქალაქების მერებად ტენიან მათ, ვინც გუშინ სწორედ ამ მოსმენებით, თვალთვალითა და მიყურადებით იყო დაკავებული.

ბინძურ ამაგს უფასებენ და გეშავენ რომ ახლა უკვე ღიად და დაუფარავად მართონ ქვეყანა ბინძური მეთოდებით.

და ჩვენც უნებლიედ, ისევ ამ ჭუჭყიან საცვლებში ქექვის თანამონაწილეები ვხდებით, ვხურდავდებით და დროს, ენერგიას ვფლანგავთ იმის გარკვევასა და მოსმენაში ვინ ვის რა უთხრა, ვინ ვისთან იდგა, იჯდა და ა.შ.

არადა ჩვენ თაობას აქვს შანსი, დიდი საქმეები გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანამ თავი დააღწიოს ამ კოშმარს, ხელისუფლებაში იყოს მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ერთი ფერი, როგორც დღესაა.

ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდრე გვგონია, მთავარია მოვიკრიბოთ ძალა, ნებისყოფა, მტკიცე არა ვუთხრათ ამ ბინძურ რეჟიმს, ვირწმუნოთ ჩვენი გამარჯვების და ხალხიც ირწმუნებს!

გამარჯვების რწმენა გადამდებია და როცა გწამს გამარჯვების, გამარჯვება გარდაუვალია!”, – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

“მთავარმა არხმა” პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share