პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის საიდუმლო ფაილებზე საუბრისას ისევ წინა ხელისუფლებას და კრიტიკულ მედიას ესხმის თავს.
ის ამბობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო”, კრიტიკული მედია კი ამ ყველაფრის “ტირაჟირებას ახდენს”.
“რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ იკვეთება სხვა მოღალატეებიც. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის, შეთქმულება ჩვენი სახლემწიფოს წინააღმდეგ, რაც არის დაუშვებელი და საახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ამ ტყუილ-მართალს და ახდენთ დისკრედიტაციას ეკლესიის, მღვდელმთავრების”, – თქვა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე – რამდენად რეალურია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ფარულ მოსმენებს წინა ხელისუფლება ახორციელებდეს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არა მათი ჩაწერილი, არამედ მათ მიერ “ფალსიფიცირებულია”.
“მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს ძალიან პრიმიტიული შეფასებაა. თქვენი ხელწერა, “ნაცმოძროაბის” და სააკაშვილის, არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია… ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის. იციან რომ მარცხდებიან სასტიკად ყველგან და უნდათ, რომ რაღაც… ვუყურებთ, რომ არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იმიტომ რომ იციან, აზრი არ აქვს მათ ჩართულობას ამ კამპანიაში, აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნული არის არჩევნების მეროე დღისთვის, რომ გარკვეული პროვოკაციების მოაწყოონ არჩევნების დღეს და მეორე დღეს, რასაც სახელმწიფო არ დაუშვებს. ყველა მოღალატეს და მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, გავცემთ მკაცრ პასუხს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.