პრემიერმა ღარიბაშვილმა ათეულობით სხვა დაპირებასთან ერთად, რასაც წინასაარჩევნოდ აგერ უკვე ცხრა წელია გულუხვად არიგებენ, კიდევ ერთი, ჩოხატაურელებისთვის ცოტა უცნაური დაპირებაც მოგვცა და არც მეტი, არც ნაკლები, მისი ტურისტულ ცენტრად მოწყობის პირობაც დაგვიდო. ვერაფერს ვიტყოდით იმ შემთხვევაში, თუ აქცენტს უშუალოდ ბახმაროზე გააკეთებდა და არც დიდად გაგვიკვირდებოდა, რადგან რამდენიმე წელია, მის ხან ზამთრის, ხანაც თანამედროვე ტიპის მთიან კურორტად ქცევას გვპირდებიან.
მაგრამ, ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, ის უბრალოდ რეალობას მოწყდა და მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ უგზობის, უწყლობის, უგაზობის და კიდევ რამდენ, თანამედროვე სამყაროსთვის შეუფერებელ პრობლემებს ებრძვის, უახლოეს მომავალში მთლად ტურისტულ ცენტრად დაინახა.
თუ როგორ პასუხობენ ჩოხატაურელები პრემიერს და რას ფიქრობენ მის განცხადებაზე, ამაზე რამდენიმე ადგილობრივის აზრი მოვისმინეთ:
“ჩოხატაურში მე ვერ ვნახე ვეფერი და ტურისტებმა რა უნდა ნახოს? ჩოხატაურისთანა დაქცეული აფერი არაა”.
“სადაა ერთი მაი ღარიბაშვილი მითხარით, ჩამოვიდეს და ნახოს რა დღეშია ხალხი”
“ტურიზმი ჩოხატაურში? რა ადგილი არის, სად არის? არ ვიცი, ახალგაზრდები მოესწრებით ალბათ რამეს”
“ჩოხატაურში ერთი მუზეუმია და კი არის რაღაც იარაღები შიგნით. მე მაგის სანახავად აქ უცხოელი ტურისტი არ მინახავს და”…
“რაის ტურისტული ცენტრი? არაფერი არაა გურიაში. გზა ჩვენ არ გვაქვს, წყალი და კანალიზაცია. თვითონ ადგილობრივები ვერ ვჩერდებით აქ და ტურისტი რას იზამს”
ჩოხატაური, სადაც ბაზარიც კი არ მუშაობს ყოველდღიურად და მოსაცდელში დასაჯდომი ადგილიც კი არაა, ავტოსადგური საწყობადაა ქცეული, ცენტრი კი ოთხფეხა რქოსანი პირუტყვების სასეირნო ადგილად, ადგილობრივების გადმოსახედიდან ალბათ კიდევ ათეულობით წელი ვერ გახდება ტურისტებისთვის საინტერესოა ადგილად. გურულები ამ შემთხვევაში პრემიერს ფანტაზიის უნარს უწუნებენ:
“ტურისტული ადგილი კი არა, სადაჯდომი არაა მოსაცდელში, რომ რაფს დაველოდო”
“ნაგვის ბუდეა აგერ ცენტრში. ტურისტი კი არა, ნორმალური არ მოვა აქ არავინ”.
“ტელევიზირიდან აგვაშენა, დამგვაშვენა, გაგვამდიდრა და დაგვარწმუნა, რომ აფერი არ გვაქვს გაჭირვება”
ასეთია ჩოხატაურელების შეფასებები პრემიერის დაპირებაზე, თან ერთ უფასო რჩევასაც უთვლიან ღარიბაშვილს გურულები- იუმორის ცენტრად კი შეგიძლია აქციო ჩოხატაური, აგია აქ უფასო და მოჭარბებულიო.