სუს-ის სკანდალური ფაილების საქმეზე მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება. დღეს პროკურატურაში “მთავარი არხიდან” ნიკა გვარამია, “ფორმულადან” კი მიშა მშვილდაძე არიან დაბარებული.
როგორც მშვილდაძემ აღნიშნა, ზუსტად არ იცის, რა აინტერესებს გამოძიებას, თუმცა ფიქრობს, რომ ეს სავარაუდოდ, სწორედ ფარულ ჩანაწერებს ეხება.
მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მიწოდება შეეძლოთ. მას შემდეგ კი რაც ახალი ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, ეჭვი გაუჩნდა რომ ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, სწორედ ამ კადრებზე საუბრობდა.
“პროკურატურაში ვარ დაბარებული. რომ ვიფიქრე, რასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, “ტვ პირველზე” ჩართვა მქონდა, მდინარაძის საეჭვო ბრიფინგის შემდეგ, სადაც მდინარაძემ გამოაცხადა, რომ იგეგმება რაღაც საეჭვო კადრების გავრცელება, რომელსაც თითქოს, ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედია ვაპირებთ.ეს კადრები თუ გავრცელდა იქნება ხელისუფლების გაკეთებული, რადგან ხელისუფლებამ დაანონსა ეს”, – ამბობს მიშა მშვილდაძე.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.
დოკუმენტებში პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.