ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწის პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდა.
რადიო თავისუფლებასთან თემის კომენტირებისას, სტანო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარშოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.
„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში.
ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“, – განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.