აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ შეხვედრის დროს მთავარი თემა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები, არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები და პოლიტიკური კრიზისი იქნება.
“დარწმუნებული ვარ, როგორც საელჩოს ისე სახელმწიფო დეპარტამენტს სრული და ამომწურავი ინფორმაცია აქვს, ყველა იმ პროცესზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ახლა ხდება, წლებია აშშ ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს, რომ ეს სისტემა გაუმჯობესდეს და უკეთესი გახდეს, თუმცა ვხედავთ, რომ შედეგი ნამდვილად არ არის ის, რაც ყველა ჩვენთაგანს სურს.” – ამბობს საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.
NGO-ების თქმით, შეხვედრის ფარგლებში უნდა შეფასდეს, როგორც წინაასაარჩევნო, ისე არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები და მათი გავლენა საარჩევნო პროცესზე.
მესამე სექტორის წევრებს, პომპეოსთან შეხვედრაზე მიწვევა ჯერ არ მიუღიათ, თუმცა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და მთავარი თემა, სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმები იქნება.
სავარაუდოდ, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
აქვ შეგახსენებთ, რომ მაიკ პომეო ტურნეს ფარგლებში, რომელიც პარიზიდან დაიწყო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.
ვიზიტის პერიოდში პომპეო პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. ოპოზიცია კი ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას გეგმავს.
ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა, Washington Examiner წერს, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს. მათივე თქმით, მთავარი საწუხარი გახარიას უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილია.