კომპანია „ალმა” სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კომპანიას შინაარსთან და დიზაინთან შეხება არ აქვს და მათი როლი მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან, სარეკლამო ბანერის განთავსებაა:
კომპანია “ალმა” ორ ათეულ წელზე მეტია დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ “ალმას” არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. “ალმა” ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ “ალმამ” დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.
ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სწორედ კომპანია “ალმაა” დედაქალაქში მონოპოლისტი და სარეკლამო ბილბორდების განთავსების 15 წლიანი უფლება აქვს მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ალმა ამტკიცებს, რომ პლაკატების შინაარსთან შეხება არ აქვს, საპირისპიროს ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც იხსენებენ რომ 2018 წელს ამ კომპანიამ ანტისაოკუპაციო ბანერების განთავსებაზე უარი უთხრა