კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი წინასაარჩევნოდ თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში “სიძულვილის ბანერების” გაკვრას გამოეხმაურა და ისევ ოპოზიცია გააკრიტიკა. მისი აზრით, ეს ბილბორდი მაინც არის ოპოზიციის მოსაწონი, რადგან “შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ”.
“აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ შევხედოთ ყველამ კარგად ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, იმიტომ, რომ წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ და წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს. არც ცუდი და არც კარგი”, – თქვა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სისხლიანი ბანერები თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიამენეჯერებთან ერთად, ყოფილი პრემიერი გახარიაც მოხვდა. “ოცნება” ამჯერადაც უარყოფს, რომ ბანერები მათთანაა დაკავშირებული.