IMF: საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა აქვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. 84-გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას.

ამ გამოწვევებს შორის, სავალუტო ფონდი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქვეყანაში არსებულ მაღალ უმუშევრობის დონეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ამ მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

2019 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62,000 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით, 27,000 სამუშაო ძალას შეუერთდა.

შედეგად, საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 22.1%-ს მიაღწია.

საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და უმუშევრების თითქმის ნახევარი 34 წელზე უმცროსია. საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე რეგიონის მასშტაბით მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის უმუშევრობის 18.5%-იანი დონით, საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ანგარიშით ტოპ 10 ყველაზე მაღალი უმუშევრობის მქონე ქვეყნებს შორის ხვდებოდა. სავარაუდოდ, ამჟამად არსებული 22.1%-იანი უმუშევრობის ფონზე, საქართველო ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად დაწინაურდებოდა, თუმცა აღნიშნული რეიტინგი ILO-ს ჯერ არ განუახლებია.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share