ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, დმანისში საპროტესტო აქცია იმართება.
ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, კახა ოქრიაშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები. ისინი გახშირებულ ძალადობის შემთხვევებს აპროტესტებენ და გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტს გმობენ.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მათ მხარდამჭერებზე თავდასხმის ბრძანება ხელისუფლებამ გასცა იმისათვის, რომ მოსახლეობა დაეშინებინათ.
“უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა ვერაგი და ბოროტი რეჟიმი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელთან ბრძოლაშიც დიდ წილს თავის თავზე იღებს დმანისი და დმანისელები… ხელისუფლებამ განგებ გასცა დარწმუნებული ვარ თბილისიდან ბრძანება, დმანისელებმა რომ ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ თავი, მიდით, შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ და ეს ადამიანები შეშინდებიანო. პირიქით მოხდა – არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, არ ტყდება საქართველო! მოძალადეები ხართ, ზონდერები ხართ! ყველაზე შემზარავ, ამორალურ ძალადობის ხერხებს მიმართავთ!”, – თქვა ნიკა მელიამ.
მან მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ დაისჯება ყველა პირი, რომლებმაც მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადეს.
“ხელებ აწეულები, მშვიდობიანად, ურყევად, მტკიცედ, ჩვენი ბიულეტენით მივიდეთ 2 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან და სახეში გავულაწუნოთ ამ რეჟიმს. ეს არ არის მუქარა, ყველა პასუხს აგებს! ყველა ზონდერი!”, – აღნიშნა მელიამ.
ცნობისთვის, დმანისში, სოფელ განთიადში მმართველი გუნდის მხარდამჭერები ოპოზიციის შეხვედრაზე მივიდნენ და იქ შეკრებილ მოქალაქეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა მრავლობითი დაზიანება მიიღო სახის, თავისა და ხელის არეში. დაშავებულებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაჭრის გამო “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი – 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავა. შსს-ს ცნობით, გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენის მიზნით.