მეხის დაცემის შედეგად ლანჩხუთში მარტოხელა ქალს სახლი მთლიანად დაეწვა

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში წუხელ მეხი საცხოვრებელ სახლს დაეცა. მეხის შედეგად ცეცხლი გაჩნდა და სახლი, რომლის პირველი სართული ხის იყო, მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ www.guria.tv წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

სახლი მარტოხელა ქალბატონს მანანა ჯიჯეიშვილს ეკუთვნოდა: ”მთელი ღამე წვიმდა, მერე სადღაც 3-4 საათი იყო, რომ ძლიერმა ხმამ გამაღვიძა, მერე კი უცებ ცეცხლიც გაჩნდა, იმ წუთასვე ეზოში გამოვვარდი და საშველად მეზობლებს მოვუხმე, მაგრამ სახლი ძალიან სწრაფად დაიწვა. ყველაფერი დავკარგე. მეც მინდოდა ცეცხლში შევარდნა, მაგრამ მეზობლებმა შემაჩერეს. მარტოხელა ვარ, ავადმყოფი, ახალგაზრდა აღარ ვარ, ცხოვრება რომ ხელახლა დავიწყო. რა მეშველება…” – განუცხადა გამოცემას დაზარალებულმა.
როგორც სოფელ სუფსაში მერის წარმომადგენელი ამბობს, დროებით ქალბატონს ქირით სხვაგან გადაიყვანენ. შესაძლებელია, მისცენ 2 000 ლარიანი დახმარება და სახურავის მასალა, თუმცა რამდენად შეძლებს ამ თანხით მარტოხელა ქალი, სახლის აგებას, საკმაოდ რთული წარმოსადგენია.
”ხანძრის დროს ტელევიზორს მოვკარით თვალი, ისე, რომ გამოტანა შეიძლებოდა და მხოლოდ ეგ გადავარჩინეთ” – ამბობენ უსახლკაროდ დარჩენილი ქალბატონის მეზობლები. საკუთარი ქონებიდან მანანა ჯიჯეიშვილს სხვა აღარაფერი გააჩნია.
ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულს ქირავნობის პროგრამაში ჩასვამენ დაშესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმარებიან.


გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share