ამ ეტაპზე საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია ვაქცინირებული, არადა წლის ბოლომდე მინიმუმ 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტი ბავშვიდან 21 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ბავშვების კოვიდინფექციისგან დასაცავად კლინიკის სამედიცინო დირექტორი მათ მშობლებს და ზრდასრულ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ბოლო დღეებში საქართველოში აცრების რაოდენობის შემცირებაზე გაამახვილა დღეს ყურადღება ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძე იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მნიშვნელობაზე მედიის წარმომადგენლებსაც ესაუბრა და თქვა, რომ თუ აცრილთა რაოდენობა არ გაიზრდება, ქვეყანაში ეპიდვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.
იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართვის მიზნით გრძელდება წამახალისებელი ლატარიაც, რომელიც ყოველდღე იმართება.