”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ ოზურგეთში სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო სერვისის მიღების თვალსაზრისითი მნიშვნელოვანი პრობლემებია.
ოთხი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ოზურგეთს ემსახურება, საკმარისი არ არის და მრავალი მოქალაქე ხშირად სასწრაფოს მიუსვლელობის ან დაგვიანების მსხვერპლია. ასევე, ღლონტისვე განცხადებით, პრობლემებია სახანძრო-სამაშველო სერვისის მიმართულებითაც.
კანდიდატი აცხადებს, რომ მაგალითად, სოფლებში შრომასა და ნატანებში არაერთი სახლი სახანძრო ჯგუფის დაგვიანების გამო იწვება.
დღეს ღლონტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს ეწვია და აღნიშნული განცხადებები ადგილზე გააკეთა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოზურგეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნანა გოლიაძის თქმით, საერთაშორისო სტანდარტი ოზურგეთის მოსახლეობის რიცხოვნობის და მასშტაბის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ოთხ ჯგუფს ითვალისწინებს და შესაბამისად, ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია.
ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს, სასწრაფოს ეკიპაჟები ოთხის ნაცვლად რვა გახდება, ხოლო სოფლებში შრომასა და ნატანებში საგანგებო სიტუაციების მართვის ოფისი განთავსდება. რათა მოსახლეობამ აღნიშნული სერვისი შეუფერხებლად მიიღოს.