რევოლუცია ქორწილში – გურია, სოფელი ქვიანი 1908

„ერთმა სოციალისტმა ქორწილი გააკეთა, სადაც კაპიტალისტებს და მემამულეებს რიცხვით ჭარბობდნენ პროლეტარები და ამ უკანასკნელებს კიდევ მუშტაძეები. აი ამ პროლეტარ მუშტაძეებმა განიზრახეს სოციალისტური რევოლუციის მოხდენა და კიდევაც მოიყვანეს სისრულეში. რევოლუცია დაიწყო დღისით ოთხ საათზე და გასტანა თითქმის შვიდ საათამდინ. ამ ბრძოლაში ძალზედ მოიბეგვენ ნასოციალისტარი გმირები ალექსანდრე და ამხანაგი გიგო, სოციალისტი დიანოსე, დემოკრატი მელიტონ, სოციალისტები პეტრე და ივლიანე, დემოკრატები გრიგოლ და პლატონ.
ვეფხვივით იბრძოდა ამხანაგი ონისიმე, რომელმაც ერთი დაკვრით გააგორა ამხანაგი დიანოსე. სკამიც მოხვდა დემოკრატ პლატონისაგან სოციალისტ ნიკოლოზსაც. არც სოციალისტები ანტონ და რაჟდნ დარჩენილან უკაცრავად; დაშავდა აგრეთვე შემთხვევით გამვლელი მგზავრი. ამ შესანიშნავმა ბრძოლამ წარმოშვა საგვარეულო პარტიები, რომელთა შორის აღსანიშნავია ფირცხალაიშვილების და წულაძეების პარტიები.
სჩანს ქვიანელებისთვინ უქმად არ ჩაუვლია პარტიულ პროპაგანდას. გაუმარჯოს ძმობას, ერთობას, სიყვარულს და ამხანაგობას!“
ჟურნალი „ნიშადური“ 1908 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share