დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ, სირცხვილი არ ვჭამოთ – ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილზე

“ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ უნდა მოვიჭრათ, სირცხვილი არ უნდა ვჭამოთ” – ასე გამოეხმაურა პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2 ოქტომბერს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საზოგადოებამ რუსეთზე მომუშავე კლანურ მართლმსაჯულებას მიხეილ სააკაშვილის გასამართლების უფლება არ უნდა მისცეს.

“მივმართავ ყველას, ქართველებს, არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ. რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ, ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა!

მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება! პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!”, – წერს თაკო ჩარკვიანი. 

მისი თქმით, კიევი-თბილისი ისტორიული რეისია, საქართველოს კი მასშტაბური ფიგურა სჭირდება ამ გაჟირვების ჟამს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share