ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქათველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ჩამოსვლის დაპირება 18-ჯერ გასცა და ყოველი არჩევნების წინ “ხან ზღვით და ხან ჰაერით” აანონსებს ჩამოსვლას. მისი თქმით, ის სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე არ ფიქრობს.
“გულთმისანი არა ვარ, რას იზამს ეს ადამიანი. ნამდვილად არ ვფიქრობ მის ჩამოსვლაზე და არ ჩამოსვლაზე. თუ ჩამოვა, კანონი უნდა აღსრულდეს, ეს ყველამ ვიცით.
ეს სპეკულაციები, რომელსაც აწარმოებენ წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეს ემსახურება არჩევნების თემას, ყოველთვის ჩნდება არჩევნების წინ, ალბათ დააკვირდება სიტუაციას, როგორი გარემო იქნება და იმის მიხედით იმოქმედებს”, — აცხადებს ყაველაშვილი.
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.
დღეს, 28 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე თქვა, რომ ქვეყანაში ასი ათასობით მასზე გამწარებული ადამიანი დახვდება.
6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და საქართველოში ჩამოსვლა კვლავ დააანონსა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობდა. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე თქვა ახლაც. მისი თქმით, პირობას შეასრულებდა და “რეფერენდუმის” წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.
მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.