„სააკაშვილი იმ ტიპის პოლიტიკოსი არაა, ვინმეს ხელი გაუწოდოს და უთხრას, ბორკილები დამადეო“ – გია ხუხაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 27 სექტემბერს, სოციალურ ქსელში კიევი-თბილისის რეისის ბილეთი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში იქნება… CNews-მა პოლიტიკურ ექსპერტ გია ხუხაშვილს ჰკითხა, რას უნდა ველოდოთ 2 ოქტომბრის საღამოს მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაჯდება:

– სამართლებრივად გასაგებია, ადამიანს აქვს მისჯილი და წესით, აეროპორტში უნდა იყოს დაპატიმრებული, მაგრამ აქ სამართლებრივი კონტექსტი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩვენი ვარაუდები და მოსაზრებები პოლიტიკურ ჭრილში უნდა იყოს განხილული. სამართლებრივად ვიღაცის ნება რომ იყოს მისი არაპატიმრების, ეს იქნებოდა კანონის დარღვევა. იქნებოდა რამე პროცედურა, შეწყალება ან სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ.

– ანუ, „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დააპატიმროს?

– ნებისმიერი სხვ გზა პოლიტიკურად ნიშნავს, რომ ჩამოიშალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, თუ ისინი ვერ შეძლებენ მსჯავრედებულის დაპატიმრებას, ესე იგი, ხელისუფლება არ არსებობს, სამართლებრივად ასეა. პოლიტიკურად კი ვარიანტებია. არჩევნებზე გარკვეულწილად ექნება გავლენა, მისი ეს განცხადება ახდენს ორმხრივ მობილიზაციას, მობილიზებას ახდენს როგორც მისი ელექტორატის, ასევე „ქართული ოცნების“ ელექტორატისაც. ორპოლუსიანობის დაბრუნებაზეა ყველაფერი ეს ორიენტირებული.

 

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებიდან და მობილიზებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ საორგანიზაციო რესურსი მას მეტი აქვს, ვიდრე – „ქართულ ოცნებას“. ბილეთი არის აღებული არა არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, არამედ, მას შემდეგ, რაც დასრულდება ხმის მიცემა. შესაბამისად, მისი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული უფრო იმაზეა, რა მოცემულობა იქნება როგორც არჩევნების შედეგების კუთხით, ასევე, – პოლიტიკის. არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ ტიპის პოლიტიკოსი იყოს, ჩამოვიდეს, ხელი გაუწოდოს ვიღაცას და თქვას, ბორკილები დამადეო. ის ეძებს შანსებს, რომ თავისუფლად ყოფნის გარკვეული პერიოდი მაინც მიეცეს, რომ პოლიტიკური მანევრი ჩაატაროს. თავისუფლების სივრცე მას სჭირდება. თუ დაინახავს ამის საკმარის შესაძლებლობებს, ჩამოვა. თუ მოცემულობა იქნება, აუცილებლად დააპატიმრებენ აეროპორტში, სკეპტიკურად ვუყურებ მის ჩამოსვლას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share