რისთვის ჩამოვიდა მაიკ პომპეო საქართველოში? – სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დეტალები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ათდღიანი ტურნეს ფარგლებში უკვე საქართველოშია. პომპეოს თვითმფრინავი „ბოინგ 757“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის დროით – 19:35 საათზე დაეშვა.

სახელმწიფო მდივანს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

მაიკ პომპეო აეროპორტიდან სასტუმროში – „შერატონ მეტეხი პალასში“ გაემგზავრა.

სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან გამართავს.

პირველ შეხვედრა შედგება საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ეს შეხვედრა, პროტოკოლის თანახმად, 40 წუთი გაგრძელდება და მედიისთვის დახურული იქნება.

სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდება. სახელმწიფო მდივანი  ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ეწვევა.

პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანი მართლმსაჯულებასა და კანონიერებაზე ისაუბრებს.

როგორც ცნობილია, მაიკ პომპეო საქართველოში მედიასა და ოპოზიციას არ შეხვდება, არ არის დაგეგმილი არც პრესკონფერენცია. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის  განაცხადებით, სახელმწიფო მდივანი ვიზიტის შესახებ, ყველა სახის ინფორმაციას ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერს.

თბილისიდან პომპეო ისრაელში, შემდეგ კი საუდის არაბეთში მიემგზავრება, სადაც მისი ტურნე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დასრულდება.

ცნობისთვის, საქართველოში მაიკ პომპეო თურქეთიდან ჩამოვიდა, სადაც ოფიციალურ პირებს არ შეხვედრია. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share