საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიულ პროგრესში ევროკავშირის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის უმნიშვნელოვანესია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის, სასამართლო სისტემის შემდგომი დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ 6 დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, თითოეული მათგანი კი საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან აღიარებულია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიწვია, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით COVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ასოცირებული ტრიოს ერთგულება ევროპული ინტეგრაციისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ ევროპარლამენტი გააძლიერებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას, რათა მათ ხელი შეუწყოს დასახული მიზნების მიღწევაში.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში და პოზიტიურად შეფასდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი სამეზობლო ფორმატის შექმნის შესახებ, რომლითაც იგი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე გამოვიდა.
ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.