გორაბერეჟოულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დასრულდა

გურიის რეგიონში, ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ისტორიული პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიაზე კოლეჯის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად შენობის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლებელი, რომელიც ოზურგეთის კოლეჯის „ჰორიზონტი“ სასწავლო ბაზა იქნება, 100 სტუდენტზეა გათვლილი და იგი 2021 წლიდან მიიღებს პროფესიულის სტუდენტებს როგორც რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის დარგების – მევენახეობის, მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების სადიპლომო პროგრამებზე. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გადამუშავების კუთხით მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებსაც განახორციელებს.
გორაბერეჟოულის კოლეჯი ახალ სიცოცხლეს შესძენს ადგილს, სადაც 1924 წლიდან ფუნქციონირებდა პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერა საქართველოში – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და ხელს შეუწყობს რეგიონში მრავალპროფილიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათ პროფესიულ გადამზადებას, რაც სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share