ზეთი 40.7%-ით გაძვირდა, პური – 13.2%-ით, ბოსტნეული – 38.2%-ით – ფასები ბოლო 1 წელში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი – 40.7%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 38.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი – 17.1%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 16.6%;
  • პური და პურპროდუქტები – 13.2%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 12.6%;
  • თევზეული – 11.5%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.4%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 7.1%.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3%-ით, რაც 2.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8%-იანი მატება, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 14.6%;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 7.1%;
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 4.5%;

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share