აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვისა და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა, – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.
ამ განცხადების თანახმად, პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას თავისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას:
„პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა”, – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადებაში, რომელშიც აქცენტი გაკეთდა ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის მდგომარეობის საკითხზე:
„პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა – ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა, რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში”, – აღნიშნავენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომელთა შეფასებით, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად, საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება:
„ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა”, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერს 23 ოპოზიციური პარტია. ესენი არიან:
“ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი”, “მოძრაობა ლელო საქართველოსთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ,”ლეიბორისტული პარტია”, “მოქალაქე”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ახალი საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”, “ევროპული დემოკრატები”, “ქრისტიან კონსერვატიული პარტია”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის”, “ემსახურე საქართველოს”, “სამართლიანობისთვის”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”, “თავისუფლება”, “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”, “ახალი ქრისტიან დემოკრატები”, “კანონი და სამართალი”, “გამარჯვებული საქართველო”, “თავისუფალი საქართველო”.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 18 ნოემბერს დილიდან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. მიმდინარეობს ასევე შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო მეუღლესთან, სიუზენ პომპეოსთან ერთად თბილისს 17 ნოემბერს, საღამოს ეწვია. მისი ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.
მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მართავს „ცოცხალი ჯაჭვის“ აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს – სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.
მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.