ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრ ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის არც ერთ წევრს ხმა არ მიუცია.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს, მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, მელიამ 3 აგვისტოს წარადგინა.

“ერთი ადამიანის პოლიტიკურად ახირებულ ნებას პარლამენტი მუდმივად წინ ვერ აღუდგება“, – ასეთი იყო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის პოზიცია, საკითხის პლენარულ სხდომაზე წარდგენისას.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინა შემთხვევაში, როცა პარლამენტში უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე 54 ოპოზიციონერი დეპუტატის ანალოგიური შინაარსის განცხადებები იყო წარდგენილი, არ დაკმაყოფილდა, რადგან არ სურდათ, საქართველოში დემოკრატია სწრაფად დასამარებულიყო, მათ შორის, იმ ადამიანის კარნახით, რომელიც ახლა საპყრობილეშია და რევოლუციური პროცესებით არის დაინტერესებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: