წყლის ჭავლით, ან მხუთავი აირით დავშლიდით და უმარტივესად დავაკავებდით სააკაშვილს

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 დღის შემდეგ  განცხადება გაავრცელა და მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა.

ვერსიებს შორის ღარიბაშვილმა დაასახელა მიხეილ სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულბა, მისი ფსიქიკური მდგომარეობა, გადატრიალების სურვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე ეჭვიანობა და ყურადღების ცენტრში მოქცევის სურვილი, ბოლოს კი “ყველაზე ლოგიკურად” მიიჩნია “გადატრიალების” განზრახვა:

“ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა. აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს”, – წერს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილ წინა ხელისუფლების კრიტიკა არც ამ წერილის დროს გამორჩენია და საკმაოდ ვრცელი ნაწილი “9 წლიანი რეჟიმის” მიმოხილვას დაუთმო, არ დავიწყებია არც კრიტიკულ მედიებზე თავდასხმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share