სახელმწიფო დეპარატმანეტი მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ტრანსკრიპტს ავრცელებს, სადაც საუბარი შეეხო არჩევნებს:
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურმა პირებმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტზე ისაუბრეს – ბოლო 30 წლის განმავლობაში, მიმდინარე წელს საქართველოში ყველაზე “დეფექტიანი არჩევნები” ჩატარდა. სახეზე იყო ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტები, მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემის მიზნით.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით [რომელიც გავრცელებულ ტრანსკრიპტშია მოხსენიებული], მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ საქართველოს საპარტლამენტო არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, მათვე, არაერთი დარღვევა დააფიქსირეს, რაზეც აშშ-ს მისიის დამკვირვებლებიც თანხმდებიან.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმანეტის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს სამართლებრივ ბრძოლას ურჩევენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ დაბალ სანდოობასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან.
“სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ადამიანს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა არ აქვს. ეს ინსტიტუტები განვითარების პროცესშია და ოპოზიცია არ იყო დარწმუნებული, რომ შედეგები ისე გადაიხედებოდა, როგორც, მათი აზრით, საჭირო იყო. ამიტომ, არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე, მათ ხელახალი არჩევნები მოითხოვეს”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, სამოქალაქო სექტორთან მაიკ პომპეოს შეხვედრა სწორედ საქართველოს სასამართლო რეფორმას ეხებოდა.
“საქართველოში მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა რომ არსებობდეს, ის პრეტენზიები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა, სასამართლოში გადაწყდებოდა და ხალხს ამ ინსტიტუციისადმი ნდობა ექნებოდა”, – ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ამასთან, განცხადების მიხედვით, საქართველოში საარჩევნო სისტემა გასულ ზაფხულს შეიცვალა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცვლილება არც ისეთი ძლიერი და დამაჯერებელი იყო, როგორც ის თავდაპირველად ჩანდა. მიუხედავად ამისა, აშშ ოპოზიციის შესვლას პარლამენტში და პრობლემების ერთობლივ განხილვად მხარს უჭერს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მაიკ პომპეო საქართველოში თავის კოლეგას ტოვებს, რომელიც სამოქალაქო პროცესებში მონაწილე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, თუ რამდენად აშკარად უარყოფს საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან ასოცირებას და დასავლეთისკენ მიისწრაფვის.
“ფაქტია, რომ რუსეთი მათი მეზობელია და ყოველთვის იქნება მათი მეზობელი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი წარმომადგენელი ამბობს, რუსეთს ამ ქვეყნის 20% უკავია. ბევრს დღემდე დიდი ტკივილით ახსოვს 2008 წლის ომი. ეს არის რეალობა, მაგრამ ქართველი ხალხის ორიენტაცია დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენაა მიმართული”, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და ჟენევის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს.
აქვე შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში.
პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.
ამის პარალელურად კი, ოპოზიცია დილის 11 საათიდან აქცია მსვლელობებს მართავდა. მათ სპეციალური ბანერებითა და სტიკერებით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.