,,დრო დადგა ადამიანებმა რაღაცას უთხრან უარი” – თამრიკო ჭოხონელიძე

,,ქართველმა ხალხმა უთხრა არა უსამართლობას, რომელიც ამდენი წლის მანძილზე არა თუ იკლებს, უტიფრად იმატებს და როგორც ჩანს აივსო ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა” – მუსიკოს თამრიკო ჭოხონელიძის აზრით, ,,ქართული ოცნების” მიერ არაერთგზის მოტყუებული მოქალაქეები საბოლოოდ მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ცვლილებების დროა და სწორედ ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მოქალაქეთა უპრეცედენტო რაოდენობა მივიდა, რომლებმაც წნეხის მიუხედავად, თავიანთი აზრის დაფიქსირება საარჩევნო ყუთთან მაინც მოახერხეს.

,,ამდენი ხალხის მისვლა საარჩევნო უბნებზე და თავიანთი აზრის დაფიქსირება იმ პირობებში რაც ხდებოდა საარჩევნო უბნებზე ამის ნათელი მაგალითია. რა თქმა უნდა მათ უარი უთხრეს სიღარიბეს, უთანასწორობას, დღეს აღარ არსებობს საშუალო ფენა, არიან ძალიან ღარიბები და ძალიან მდიდრები. უარი უთხრეს გაუნათლებლობის, უსამართლო პოლიციას და ასე შემდეგ”, – განაცხადა ჭოხონელიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში.

მისივე განმარტებით, ის შედეგი, რომელიც დაიდო და მეორე ტურები, რომლებიც 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა.

,,ეს არის ოპოზიციის გამარჯვება რა თქმა უნდა, მოხდა გამარჯვება საღ აზრზე და ეს ნიშნავს ქვეყნის გამარჯვებას, ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე, რადგანაც დრო დადგა, რომ ადამიანებმა რაღაცას უთხრას უარი და გახსნას გზა, ვნახოთ რამდენად მალე მოხდება ახლა ამ გახსნილი გზების  ჩაკეტვები, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს”, – განაცხადა ჭოხონელიძემ.

მუსიკოსმა საუბრისას, იმ ქალბატონებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული კოორდინატორების სტატუსით იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და თავად საარჩევნო კომისიაში მყოფ ქალ წარმომადგენლებს, მიმართა და მოუწოდა, რომ არ შეეცადონ რაიმეს გაყალბებას, რადგანაც ეს მათი შვილების და ქვეყნის მომავალზე ჰპოვებს ასახვას.

,,მე შეურაცხყოფილი ვიყავი, როგორც ქალი იმ ქალების გამო, რომლებიც მთელი დღის მანძილზე გამოსულები იყვნენ სახლიდან და მათ არწმუნებდნენ, რომ ისინი კარგ საქმეს აკეთებდნენ. როგორ დავიჯერო, რომ რომელიმე მათგანს სჯეროდა, რომ საქართველოს ნათელ მომავალს აძლევდნენ ხმას. რას აყალბებდით? აყალბებდით ჩვენი შვილების მომავალს? ხვალაც დაიჭერთ სიებს ხელში, მაგრამ ეს სიები აღარ იქნება ქართული. მე როგორც ქალი ასე მოგმართავთ”, – განაცხადა ჭოხონელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share