30 ოქტომბერს ოზურგეთში მეროე ტურია, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი კოტე შარაშენიძე დაუპირისპირდებიან. კანდიდატებს შორის პროცენტული სხვაობა საკმაოდ დიდია და შარაშენიძის შანსები ოპოზიციის ხმებზე გადის. შარაშენიძისთვის გამარჯვების ერთადერთი შანსი ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებია – იმ პარტიის, რომელმაც იგი ერთხელ უკვე გახადა მერი, თუმცა, შარაშენიძემ ამას ღიად არასდროს აფიქსირებდა.
სამაგიეროდ, ეს არ დაუმალავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლის ლიდერები ბოლო პერიოდის განმავლობაში შარაშენიძეს ღიად დაუპირისპირდნენ, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაშიც დაადანაშაულეს და დაანონსეს, რომ ამჟამად მათი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ღლონტმაც გაავრცელა:
„გულწრფელ პატრიოტებს კი მოგიწოდებთ, არ ჩაერიოთ მეორე ტურში, დატოვეთ კრიზისთან ოლიგარქის ორივე წარმომადგენელი, არც შარაშენიძე და არც თალაკვაძე არ იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას», -აღნიშნულია ღლონტის გზავნილში.
თუმცა, ჩვენი ინფორმაციით ასე არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რომლებიც კოტე შარაშენიძესთან გარიგებაში შევიდნენ. ჩვენი წყარო ყვება, რომ შარაშენიძემ ჯერ კიდევ პირველი ტურის წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ ლიდერებს _ ბესო ქათამაძეს და შალვა თავდიშვილს შესთავაზა გარიგება.
– ბესო ვიცე მერად, თავდიშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ დახმარების სანაცვლოდ – ასეთი იყო შეთავაზება, რომელიც ახლაც ძალაშია და ამის გამო, ქათამაძეც და თავდიშვილიც აპირებს შარაშენიძეს დაეხმაროს, – გვიყვება წყარო.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს შარაშენიძე, რომლის თქმით პირველ ტურში არანაირი მოლაპარაკება არ შემდგარა:
_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ სამშობლო და ოზურგეთი და ბუნებრივია, ახლა, მათთან საუბარი მექნება – გვითხრა შარაშენიძემ.
_ ბატონო კოტე, ჩვენი წყარო ამბობს, რომ თქვენ მოლაპარაკებებს ბესო ქათამაძესთან და შალვა თავდიშვილთან აწარმოებთ?
_ ვერ დავარქმევ ამას მოლაპარაკებებს. ჯერჯერობით არაფერია – გვითხრა შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ მას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.
ინფორმაციას გარიგების შესახებ უარყობს ბესო ქათამაძე:
_ “ერთადერთხელ შევხვდი შარაშენიძეს ნასაკირალში, მაშინ როცა წყლის ავზი და მილები ამოიტანეს თალაკვაძეებმა. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და ეს ყველაფერი ჭორებია. რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, მე მხარს ვუჭერ შალვა თავდიშვილს და რაინდი დუმბაძეს, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ”-გვითხრა ქათამაძემ.
–ბატონო ბესო, თქვენ პირადად აპირებთ თუ არა, მეორე ტურში, ისევე როგორც 2017 წელს, მხარი დაუჭიროთ კოტე შარაშენიძეს?
-ოცნების საარჩევნო მარათონში ვერ ჩავერთვები -ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მეგობარი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეშია. თუმცა, თუკი შევნიშნავ, რომ ამომრჩევლებზე მიდის ისეთივე იძულება, როგორიც პირველ ტურში, გავაკეთებ შესაბამის განცხადებას…
_ ეს განცხადება შარაშენიძის მხარდაჭერას ნიშნავს?
_ არაფერს არ ვამბობ ჯერ. განცხადებას გავაკეთებ იმის შესაბამისად, რა რეალობაც იქნება ოზურგეთში.
_ თქვენი კანდიდატი, ირაკლი ღლონტი ღიად ამბობს და მხარდამჭერებსაც მოუწოდებს, რომ შარაშენიძეს მხარი არ დაუჭირონ. იგივე პოზიცია აქვს პარტიის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს… თქვენ ჯერ არ დაგიფიქსირებიათ თქვენი პოზიცია და არ პასუხობთ კონკრეტულ კითხვას. უნდა ჰქონდეს თუ არა შარაშენიძეს პირადად თქვენი იმედი?
_ ჩემი იმედი ყველას უნდა ჰქონდეს, ვინც ოზურგეთისთვის რაიმე კარგს გააკეთებს.
_ მათ შორის შარაშენიძესაც?
-შარაშენიძესთან ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ასევე თალაკვაძესთან, თუკი გააკეთებენ, ხელს არცერთს არ შევუშლი.
_ და ვის დაეხმარებით მერობისთვის ბრძოლაში?
_ “ამ კითხვას არ ვუპასუხებ, იმიტომ რომ არ გვცალია ქოცურ თამაშში ჩასართავად”, –გვითხრა ქათამაძემ.
შარაშენიძის დახმარებას არც თავდიშვილი გამორიცხავს, რომელიც გარიგებას ქათამაძის მსგავსად კატეგორიულად უარყოფს.
_ არანაირი გარიგება არ შემდგარა. ეს ტყუილია. რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, დაველოდები პარტიის პოზიციას და შესაბამისად ვიმოქმედებთ.
_ ბატონო შალვა, თქვენმა კანდიდატმა და პარტიის თავმჯდომარემაც ღია განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ შარაშენიძეს მხარს არ დაუჭერენ. თქვენ პერსონალურად აპირებთ მის დახმარებას?
–პერსონალურად არა. რასაც პარტია გადაწყვეტს ისე მოვიქცევი. მე განცხადება ჯერ არ მინახავს – აღნიშნა თავდიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ამბობს, რომ პარტიას აქვს გამოკვეთილი პოზიცია, რომელიც მეორე ტურში არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ ითვალისწინებს:
„ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოზიცია ასეთია – ჩვენ მეორე ტურში არცერთი მხარის სასარგებლოდ არ უნდა ვიმუშაოთ, რადგან ჩვენი ამოცანა არ არის ივანიშვილის ორ ფრთას შორის გარჩევაში მონაწილეობა. ჩვენი ამოცანა მიშა სააკაშვილის ციხიდან ადრე გამოყვანა, რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანის ბიძინა ივანიშვილის კლანჭებიდამ დახსნაა. ესაა დღეს მოცემულობა და ხალხის დაკვეთა.
რაც შეეხება რაიმე მოლაპარაკებას და გარიგებას, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე ცალსახად ვაფიქსირებ, რომ ჩემთან ქართული ოცნების ამ ორ ფლანგიდან, არც ერთ ეტაპზე არ მქონია ამაზე საუბარი, არც მომავალში ვაპირებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ორი კანდიდატიდან, იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის ხმები დაიმატოს, გარკვეულ გარიგებებზე წასვლა შეეცადონ. ამასთან დაკავშირებით მაქვს ერთი პოზიცია – მაშინ, როცა მიშა სააკაშვილი ციხეშია, ბიძინა ივანიშვილის ამ ორ ფლანგს შორის ნებისმიერი სახის გარიგება თანამდებობის გამო, არის ამორალური და ღალატი იმ კაცის, რომელმაც თავი სასწორზე დადო.
ეს არის პარტიის პოზიცია, მე წარმოვადგენ პარტიას და თუკი ვინმე კონკრეტული თანამდებობების სანაცვლოდ დამოუკიდებელ თამაშს გადაწყვეტს, მე ამას ღიად გავემიჯნები და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარე, რომელიც, მეორე ტურში, არც ერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს და მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ნუ ჩაერთვებიან ბიძინა ივანიშვილის თამაშში – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით მჟავანაძემ.