უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი არჩევნები?- რას ფიქრობენ გურულები

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხმების 41 % ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი- 27%.

არჩევნების შედეგებს, არ ეთანხმება არცერთი ოპოზიციური პარტია, მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რის შედეგადაც არცერთი მათგანი პარლამენტში არ შევა.

დაიწყო საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ, ასევე ცესკოსთან. აქციის მონაწილეები, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ცესკოსთან მიმდინარე აქცია ხელისუფლებამ, წყლის ჭავლით დაშალა. აქციები თბილისსა და ბათუმში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მიუხედავად პოლიტიკური წრეების და საზოგადოების უკმაყოფილებისა, ცესკომ 2020 წლის არჩევნები ლეგიტიმურად ცნო და მეორე ტურის ჩატარების თარიღიც დაასახელა.

14 ნოემბერს დაიგეგმა კიდევ ერთი დიდი აქცია, საზოგადოების დიდი ნაწილი, არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვს.

რას ფიქრობენ გურულები ამ თემასთან დაკავშირებით, უნდათ თუ არა რომ არჩევნები ხელახლა დაინიშნოს და რატომ, „გურიის მოამბემ“ რამდენიმე ადგილობრივი გამოკითხა.

სოფო ჩიკვაიძე – არ უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ აზრი  არა აქვს. ჩემთვის სულერთია ისინი მოვა თუ ესენი, არც ერთის კმაყოფილი არ ვარ. არც ოპოზიციის მომხრე  ვარ და არც  მთავრობის. ოპოზიცია  ყველამ იცის  ვინც  იყო , როგორიც  იყო და ეს მთავრობა როგორიცაა ამასაც  ვხედავთ და ამიტომ ვერანაირ აზრს  ვერ  ვხედავ. ისინი მოვლენ,  თუ ესენი დარჩებიან, ჩვენი საშველი მაინც არაა. ის მთავრობა  მოძალადე  იყო, პირადად, მე არ შემხებია, მაგრამ  ჩემს ირგვლივ  ბევრს შეეხო და ესენი კი, თავიანთ თავზე ფიქრობენ და მეტს არაფერს არ აკეთებენ. ისინი მოძალადეებიც იყვნენ, მაგრამ რაღაცას  მაინც აკეთებდნენ, რასაც  ვერ დაუგარკავ და ესენი, არც არაფერს აკეთებენ და მშიერი ამოგვხდიან სულს. ჩემი გადმოსახედიდან,  ორი უკიდურესობაა.  ასე, რომ  ხელახალი არჩევნები  ჩატარდება თუ არა,  მე  იმედს ვერაფერს  ვერ  ვხედავ. ჩემი აზრით, არჩევნები არ ჩატარდება. ეხლა ამათმა ეს არჩევნები, ისე მოიგეს, გამორიცხულია ხელახალი  ვინმემ ჩაატაროს. შეაკვდებიან და არ ჩატარდება. იცი რა  მიკვირს,  ხალხი  რატომ ჭამს ერთმანეთს, განსხვავებული  აზრის გამო.  მერე რა,  რომ ერთი ოპოზიციაა და მეორე  პოზიცია. „ნაციონალებმა“ რომ ბევრი რამ გააკეთეს ამას  თქმა არ უნდა. ესენი სწავლა  განათლებაზე  მაგრად ურტყამენ.  იმან  ძაან კარგად  დაიწყო  ყველაფერი,  მერე აუვარდა  თავში.

ხათუნა ო – ჩემთვის არა აქვს აზრი.  ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება გამორიცხულია. არჩევნებზე  რაც მივიდა   ეხლა, შეიძლება იმის მესამედი  აღარ  მივიდეს.  მე მაგალითად აღარ  მივალ, დავიღალე. ყოველ წელიწადს არჩევნებია და აღარ მივალ ნამდვილად. იციან მაგათმა, ხალხი როგორ უნდა მართონ, როდის რა უნდა ქნან. მორგებულად არიან კარგად. მაგრამ, ოპოზიცია  რომ უნდა იყოს პარლამენტში, ამას  ორი აზრი არ უნდა.  ოღონდ,  არა მარტო ნაციონალები,  არამედ ბევრი პარტია უნდა იყოს, მრავალპარტიული უნდა იყოს.  უმრავლესობა რომ მოიპოვონ რაღაცას  ხალხისთვის გააკეთებენ,   შეიძლება ცოტა  სული ამოვითქვათ,   დიდი  ბევრი  ვერაფერი. რაღაცეები შეიცვლება. ხალხის  გული მოიგონ  და თვითონ იყვნენ მაღალ-მაღალი პროცენტებით პარლამენტში. რაც  გარეთაა, ერთი იმდენი პარლამენტში უნდა იყოს. არჩევნები  ყველა წელსაა და  დავიღალეთ, თან რამდენი ფული იხარჯება.

ზაურ ირემაძე – მე თვითონ დამკვირვებელი ვიყავი, ბასილეთი- ჩოხატაურის უბანზე და იქ არაფერი დარღვევები არ ყოფილა და გაყალბებით არ  გაყალბებულა. მაგრამ,  არჩევნების  ხელახლა ჩატარებას ხალხი ითხოვს და ჩატარდეს უნდა.

ავთანდილ ბერსენაძე – რატო უნდა ჩატარდეს თავიდან. არ უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა უკვე და დევიღალეთ ამ არჩევნებზე ნასიარულები. ჩემი აზრი ასეთია  და სხვისი არ ვიცი. არჩევნები ჩატარდა მშვენიერად,  ლამაზად, კოხტად და მაგენს რა უნდათ ახლა, გადატრიალება  თუ გადმოტრიალება, მაგას  ვერ გეტყვით. მე ვისაც მინდოდა  მივეცი იმას ხმა  და ალბათ,  სხვებმაც.   იმასაც  გაუმარჯოს ვინც  სხვა პარტიას მისცა  ხმა, რა ჩემი საქმეა, მისი ხმის უფლება  აქვს  ყველა ადამიანს.

ვენერა – თუ არა და რომ ჩატარდეს უკეთესი  მოვა? მე ვერ  ვერკვევი პოლიტიკაში, მარა   მე არავისი არ მჯერა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share