6 წლის ბიჭი უიშვიათესი აღმოჩენის ავტორი გახდა. ჯულიან გაგნონმა მიჩიგანის ერთ-ერთ ტყე-პარკში ოჯახთან ერთად სეირნობისას, მამონტის კბილი აღმოაჩინა.
„წყალში ფეხის ჩადგმისას რაღაც უცნაური ვიგრძენი. ხელი ჩავყავი და ეს ნივთი ამოვიღე. თავიდან ქვა მეგონა. მამას უნდოდა უკან დამებრუნებინა, მაგრამ ვთხოვე სახლში წაგვეღო“, – იხსენებს ბიჭი.
შინ მისულებმა კარგად დაათვალიერეს და მიხვდნენ, რომ რაღაც აღმოჩენას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული სპეციალურ სამსახურს შეატყობინეს და დადგინდა, რომ ბიჭმა დაახლოებით 12 000 წლის წინ მცხოვრები მამონტის კბილს მიაგნო. ეს აღმოჩენა უიშვიათესია.
ოჯახმა აღმოჩენა მუზეუმს გადასცა. 6 წლის ჯულიანი თავისი მიგნებით ძალიან ბედნიერია.