ოზურგეთში კორონა ვირუსი 7 მოსწავლეს დაუდგინდა

ოზურგეთის რამდენიმე საჯარო სკოლის 7 მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდგინდა, მათ შორისაა; ოზურგეთის #2 და #4, ზემო ნატანების, კონჭკათისა და ნაგომრის საჯარო სკოლები. კლასები, რომელშიც ინფიცირებული მოსწავლეები სწავლობდნენ, დისტანციურ სწავლის რეჟიმზეა გადაყვანილი -ამის შესახებ „გურიის მოამბეს’ ინფორმაცია ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა მიაწოდა.

მისივე განცხადებით, დღეის მდგომარეობით და არსებული სტატისტიკით, არ გამოკვეთილა იმის საჭიროება, რომ მთლიანად ოზურგეთის მასშტაბით სასწავლო პროცესი ონლაინ გაგრძელდეს:

„ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში სამი მოსწავლეა ინფიცირებული. სხვადასხვა კლასებში. მათ შორის ორი დედმამიშვილია. ამიტომ, სამივე კლასი გადაყვანილია ონლაინ სწავლებაზე. ასევე, #2 საჯარო სკოლაში ორი მეცხრე კლასი, ერთი ინფიცირებული მოსწავლის გამო, რადგან გაყოფილია  კლასები და მოსწავლეს შეხება ჰქონდა პარალელი კლასის მოსწავლეებთან.

კონჭკათში  მეხუთე კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ერთი მოსწავლის ინფიცირების გამო. ნაგომარში მეათე  კლასი-ასევე, ერთი მოსწავლის ინფიცირების გამო და კიდევ  ერთი კლასი ზემო ნატანებში.

ამ შემთხვევაში ნამდვილად არაა საჭირო მთლიანად სწავლის პროცესის ონლაინზე გადასვლა. ზოგადად, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ამ წუთში რა მოცემულობაც გვაქვს, ერთეული კლასების გადაყვანა  საკმარისია. ჩვენ არ ვიღებთ მსგავს გადაწყვეტილებას. ჯანდაცვა გვაძლევს რეკომენდაციას, კონტაქტებს იკვლევს და იმის შესაბამისად გვეუბნება რის გაკეთება არის ადექვატური“-გვითხრა ლელა იმედაშვილმა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ოზურგეთის მასშტაბით ყველა სკოლა  მზად არის  კოვიდრეგულაციების  დაცვის კუთხით-„ყოველდღიურად დავდივართ და ვამოწმებთ როგორი სიტუაციაა სკოლებში. სრული პასუხისმგებლობით  ვამბობ, რომ ყველა პირობა გვაქვს შექმნილი სკოლებში კოვიდრეგულაციების  დაცვისთვის. მათ შორის: სველ წერტილებში წყალი, ხსნარები, თხევადი საპონი, ხელისსამშრალებელი ერთჯერადი სალფეთქები, სადეზინფექციო ხსნარები… სპეციალური ხსნარებით მერხების დამუშავება ყოველი გაკვეთილის შემდეგ ხდება.  შესასვლელებში თერმოსკრინინგები, პირბადეების ტარების კონტროლი, საკლასო ოთახებში ერთმეტრიანი დისტანციები, ამას პირდაპირ ვზომავთ და ისე ვაკეთებთ. ასევე, ჩვენს სკოლებში გარეშე პირების არ შემოშვება“…

იმედაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თავად მშობლების მხრიდან შვილების მაქსიმალური კონტროლი, რომ ოჯახში რაიმე ტიპის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირება მოახდინონ და მოითხოვონ ბავშვების ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა, რომ ამით დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი შვილების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება:

„აქ არის-მშობლების პასუხისმგებლობა, როცა ხვდებიან, რომ სიმპტომატურია ვინმე ოჯახში და შესაძლებელია ეჭვი არსებობდეს, სანამ  ტესტირებას არ გაიკეთებენ, იქნებ მანამ თავი შეიკაონ შვილების სკოლებში გამოშვებისგან.

დამატებით, მე ვთხოვე სკოლებს, რომ მშობლებისთვის მოემზადებინათ პატარა სამახსოვროები, ამონარიდები ტექსტებიდან, თუ რა უნდა გააკეთონ მათ.

სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე სკოლებმა და დირექტორებმა გამოაქვეყნეს  ეს პატარა ამონარიდები მშობლებისთვის და მე ვთხოვე კიდე, რომ ამ კვირის ბოლოსთვის ჩვენ მოვამზადოთ ეს ნაბეჭდი ვერსიაც და გავატანოთ ბავშვებს მშობლებისთვის, რომ მშობლების ჩართულობა და პასუხისმგებლობა იყოს კიდევ უფრო მეტად განსაზღვრული.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ საეჭვო  კონტაქტებია  უბანში,  ან მეზობლებთან, ამ შემთხვევაში იქნება ბავშვების გამოშვებისგან თავი შეიკაონ. მით უფრო, რომ ჩვენ წელს  ვაძლევთ  ოზურგეთის მოსწავლეებს იმის შესაძლებლობას,  რომ  ყოველი კვირის  ხუთშაბათს  დაწეროს მშობლებმა განცხადება და ან საეჭვო კონტაქტების გამო, ან სხვა მიზეზით, თუ  ერთეული ბავშვების ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა იქნება საჭირო, ჩვენ მზად ვართ  მოვემსახუროთ ერთეულ ბავშვებსაც კი.

არ იღელვონ იმის გამო, რომ მათი შვილები განთლების მიღმა დარჩებიან.  ამ მხრივ ძალიან კარგად მომზადებულია თითოეული სკოლა“-გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share