შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ტენდენციის შენელება – კარდინი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი  აცხადებს, რომ „შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება“.

სენატორი „ამერიკის ხმასთან“ წერილობით კომენტარში ხაზს უსვამს, რომ ის იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც თბილისში ამერიკის საელჩომ და ეუთომ გამოთქვეს და ასევე, აღნიშნავს, რომ აშფოთებს ცნობები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის მოსმენის შესახებ.

„მე ვულოცავ ქართველ ხალხს 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე მათი ხმის გაგონებას. პანდემიის მიუხედავად ქართველი ამომრჩეველი დიდი ძალით მივიდა არჩევნებზე და აჩვენა განგრძობითი ერთგულება მათი ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვისა და განვითარების მიმართ. ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, პლურალისტურ გარემოში, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება. ეს ნამდვილი მიღწევა აჩვენებს იმ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ქართული დემოკრატიისგან მოველით.

თუმცა, მე ვიზიარებ თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსა და ეუთოს შეშფოთებას, ზოგადი არათანასწორი საარჩევნო გარემოს და ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების სარწმუნო ცნობების გარშემო. უფრო შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება, როცა პოლარიზაცია და პერსონიფიცირერბული პოლიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, საზოგადო ნდობას ძირს უთხრის და ასევე, ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არაკანონიერ მიყურადებას ახორციელებენ თბილისში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, მათ შორის უახლოეს პარტნიორებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: